რუბიო, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებზე: კონფლიქტის დარეგულირება კომპრომისის გარეშე შეუძლებელია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების საკითხზე განაცხადა, რომ თუ ორივე მხარე დათმობაზე არ წავა, სამშვიდობო შეთანხმება ვერ მიიღწევა.
რუბიოს თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად ეწევა მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერას, თუმცა კონფლიქტის მხარეების მზადყოფნა კომპრომისზე ნებისმიერი პროგრესისთვის გადამწყვეტია.
მისივე განცხადებით, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება სამშვიდობო პროცესს დააზარალებს.
“პუტინთან ურთიერთობის გარეშე რუსეთსა და უკრაინას შორის ომს ვერ დაასრულებ. პრეზიდენტ ტრამპს შეეძლო, უბრალოდ ეთქვა: “ეს ბაიდენის ომია”, მაგრამ ის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელმაც შეძლო პუტინის შეხვედრაზე მიყვანა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი. ყველა, მათ შორის, უკრაინელები და ევროპის ყველა ქვეყანა, ევედრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეეცადოს, დაითანხმოს პუტინი სამშვიდობო შეთანხმებაზე. ისინი ყველანი გვთხოვენ ამის გაკეთებას და როგორც კი ახალ სანქციებს დააწესებთ, ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეწყდება და ეს ნიშნავს, რომ ომი უახლოეს მომავალში გაგრძელდება. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება,” – განაცხადა რუბიომ.