პირველად, ქართულ სამუსიკო ლიტერატურაში „სალამურის ანბანი“ თორნიკე ზედელაშვილმა დაწერა (ვიდეო)
მათ, ვისაც ქართული ხალხური საკრავები აინტერესებს, თორნიკე ზედელაშვილი პირველად ქართულ სამუსიკო ლიტერატურაში „სალამურის ანბანს“ სთავაზობს. 22 წლის თორნიკე ზედელაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრანტია. მან სალამურზე დაკვრის თვითმასწავლებელი შექმნა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გამოიცემა. მსგავსი სახელმძღვანელო ჩასაბერ საკრავებთან დაკავშირებით არ არსებობდა საქართველოში.
პირველი თვითმასწავლებლის სახელწოდებაა „სალამურის ანბანი”.
წიგნი ილუსტრირებულია და ქართულ-ინგლისური ვერსიაა.
თორნიკე უახლოეს მომავალში გეგმავს ქართული ხალხური საკრავების პოპულარიზაციის მიზნით სახელმძღვანელო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიტანოს. წიგნი ილუსტრირებულია და მასში შესულია 30-მდე ნაწარმოები. მსურველებს ბეჭდვური ვერსიის შეძენა ერთ თვეში შეეძლებათ. თორნიკე ასევე მუშაობს პროგრამაზე სახელწოდებით „ფოლკერი“, რომლის საშუალებითაც ხმის ჩამწერი სტუდიები ქართული ხალხური მუსიკის აწყობას შეძლებენ. პროგრამის პრეზენტაციას ავტორი სექტემბერში გეგმავს.