პრემიერი: მოგების გადასახადის გაუქმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა

უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი, მდიდრდება პროგრამა – “აწარმოე საქართველოში”, იწყება მისი ახალი ქვეპროგრამები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა შეხვედრაზე მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეწარმეობის წახალისებაა.
“ძალიან საჭირო დოკუმენტი შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და გვინდა, ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროსთან იყოს განხილული, რათა თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების სტრატეგიის შექმნაში იყოს მაქსიმალური. მეწარმეობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მცირე საწარმოებს და ინიციატორი, დამწყები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობას. უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი, მდიდრდება პროგრამა – “აწარმოე საქართველოში”, იწყება მისი ახალი ქვეპროგრამები, მათ შორის “უმასპინძლე საქართველოში”, რომელიც მცირე სასტუმროების ქსელების წახალისებას ახდენს და დაფინანსების მოპოვების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. გვინდა, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კიდევ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი მეწარმეებს სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესახებაც ესაუბრა. მისი თქმით, მოგების გადასახადის გაუქმება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
“საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ანუ მოგების გადასახადის გაუქმება და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე მნიშვნელოვანია, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივების კუთხით მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უკვე დამტკიცდა მთავრობის სხდომაზე და “სტარტაპის” დაფინანსება, რათა დამწყებმა ბიზნესმა უზრუნველყოფის გარეშე შეძლოს დაფინანსების მოპოვება და ქვეყანაში დაფინანსდეს ინოვაციური იდეები საფინანსო ინსტიტუტებში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე. უმნიშვნელოვანესია მმართველობის კუთხით მომსახურების გამარტივება და ერთიანი “ფრონტოფისის” შექმნა, სადაც მთავრობის მხრიდან ყველა მომსახურება ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე – ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარების პროექტები და ჩვენ მივესალმებით მცირე ბიზნესის ჩართვას”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები