„ფეხზე წამოვუდგეთ 2008 წელს დაღუპულ რუს გმირებს“ (ვიდეო)

   ევრაზიული ინსტიტუტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კინოს სახლთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კინოს სახლში ნატოს საწინააღმდეგო ღონისძიება დასრულდა.
შენობასთან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მომხრეები იყვნენ შეკრებილი და შენობაში შემსვლელ ევრაზიული კავშირის მომხრეებს მოღალატეებს ეძახდნენ. ევრაზიული კავშირის მომხრეთა განცხადებით, ისინი 15 წლის წინ იუგოსლავიაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. ამავე შეკრებაზე მათ რუსეთში ევროატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ დამზადებული ფილმის ჩვენება მოახდინეს. შეკრებაზე ევრაზიული კავშირის მომხრე მამაკაცმა დარბაზში შეკრებილებს 2008 წელს დაღუპული „რუსი გმირებისთვის“ ფეხზე წამოდგომით პატივის მიგება სთხოვა, რასაც დარბაზში პროტესტი და ჩოჩქოლი მოჰყვა. შენობასთან გამართულ ნატოს მხარდამჭერ აქციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურიაც მონაწილეობდა. მისი თქმით, როცა საქართველოს მოქალაქე პატივს რუს ოკუპანტებს მიაგებს ეს უზნეობის პიკია. „აქ რაც ხდება ესაა უზნეობა. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არასდროს გაუპროტესტებიათ ის რაც მოხდა გორში, სამაჩაბლოში, აფხაზეთში. რაც ხდება გალში დღემდე. დღეს აქ მოდიან და აპროტესტებენ ნატოს ქმედებებს იუგოსლავიაში, ესაა უზნეობის პიკი“, – განაცხადა გია ჭანტურიამ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით ისინი მათ მიერ ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებას შეუშლიან ხელს და არ დაუშვებენ, რომ რუსეთის აგენტებმა და „ნასეტკებმა იბოგინონ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები