დავით სერგეენკო გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გლობალური ფონდის გუნდმა კმაყოფილება გამოთქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ცენტრი სრული მასშტაბით გადაიბარებს გლობალური ფონდის პროგრამების განხორციელებას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შიდსის და ტუბერკულიოზის პროგრამების ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო გლობალური ფონდის დაფინანსების განახლებულ მოდელს. ახალი მოდელი ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, საშუალებას აძლევს, მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება 2016 წლის შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმთან და გლობალურ ფონდთან ერთად 2014 წლის განმავლობაში იმუშავებს შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების ფინანსური მდგრადობის გეგმებზე, რომელიც განსაზღვრავს 2016 წლის შემდეგ პროგრამების დიზაინს და აღნიშნული პროგრამების წარმატებით განსახორციელებლად როგორც სახელმწიფო ასევე გლობალური ფონდის მხრივ მოსაზიდი ტექნიკური და ფინანსური რესურსების მოცულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები