ეროვნულ მუზეუმში ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია გაიმართება

10 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ მუდმივმოქმედ გამოფენას – ,,ნუმიზმატიკური საგანძური”.
ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ხანგრძლივ ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.
ნუმიზმატიკური კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში 2013 წელს გაიხსნა. ამჯერად კი საზოგადოებას, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარვუდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნუმიზმატიკურ კოლექციას. ექსპოზიცია იწყება პრემონეტარული ნივთებით. წარმოდგენილია სხვადასხვა წონის და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი.
აღნიშნული ნივთები უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა. ექსპოზიციაზე გამოფენილია კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, ჯაფარიანების თბილურ დირჰემებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის უნიკალურ დრამას, გიორგი IV ლაშას უნიკალურ სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები