ჯუზეპე ვერდის „ატილა“ თბილისის ოპერის სცენას უბრუნდება

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის „ატილას“ განახლებული ვერსიის პრემიერა გაიმართება.
“ატილას“ აღდგენის ინიციატივა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში მთავარ პარტიებს ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები: კახაბერ თეთვაძე, სულხან გველესიანი, მაყვალა ასპანიძე, გია მახარაძე, თამაზ საგინაძე, გია ასათიანი შეასრულებენ.
პრემიერაზე თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრს თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს, რომელიც სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია.
„ატილას“ დამდგმელი რეჟისორები დავით საყვარელიძე და ჟან ლუი გრინდა, ხოლო დამდგმელი მხატვრები ჟან პიერ კაპიერონი და დავით მონავარდისაშვილი არიან.
ჯუზეპე ვერდის “ატილას“ პირველი თბილისური პრემიერიდან 155 წელი გავიდა. მაშინ სპექტაკლს იტალიელი მაესტრო ანტონიო ტორეძელი დირიჟორობდა. სამწუხაროდ, XX საუკუნეში ეს ოპერა საქართველოში აღარ დადგმულა. მისი მორიგი პრემიერა უკვე 2008 წელს განხორციელდა (დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე) და სწორედ ამ დადგმის განახლებულ ვერსიას იხილავს მაყურებელი 1 მარტს ოპერის განახლებულ თეატრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები