ტურისტული კომპანიები „ქორელ თრეველის“ წინააღმდეგ – ყიდის თუ არა კომპანია აფხაზეთის ტურებს

საერთაშორისო ტურისტული კომპანია „ქორელ თრეველი“ ტურისტებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურებს სთავაზობს. სწორედ ამ მიზეზით, ტუროპერატორმა „კაპიტან +“- მა საქართველოში დაფუძნებულ ტურისტულ კომპანიასთან, „ქორელ თრეველთან“, ორწლიანი ხელშეკრულება გააუქმა და განცხადება გაავრცელა.
„ტუროპერატორი “კაპიტან+”-ი და მისი გუნდი, სრული შემადგენლობით წყვეტს თანამშრომლობას კომპანიასთან, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს მოქალაქეთა ღირსებას და არღვევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს! ჩვენ უკვე გავაგზავნეთ ოფიციალური მიმართვა და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ქართული ტურისტული სააგენტო შეწყვეტს თანამშრომლობას ისეთ კომპანიასთან, რომელიც აფხაზეთის ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ახორციელებს!“ – ნათქვამია ტუროპერატორ “კაპიტან +“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 12767462_1089222704433555_1419733182_n
„კვირა“ დეტალების გასარკვევად „კაპიტან +“-ს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ტუროპერატორმა ორი წლის წინ ხელშეკრულება ისე გააფორმა, რომ არ იცოდნენ, აგზავნიდა თუ არა ტურისტებს კომპანია „ქორელ თრეველი“ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„ხელშეკრულება ორი წლის წინ გავაფორმეთ, როგორც კი „ქორელ თრეველმა“ თბილისში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა. შეიძლება მაშინაც ჰქონდათ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურები, თუმცა ეს ჩვენ არ ვიცით. არ გამოვრიცხავ, რომ მაშინაც ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ორი-სამი დღის წინ გავიგეთ. ჩვენ, ტურისტულ კომპანიებს, სოციალურ ქსელში გვაქვს ცალკე ჯგუფი, სადაც ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურების შესახებ ინფორმაცია განათავსა. როდესაც გავიგეთ, სათანადო რეაგირება მოვახდინეთ“, – აღნიშნა ტუროპერატორ „კაპიტან +“ -ის მმართველმა პარტნიორმა ანა კირკიტაძემ.
როგორც „კვირას“ ანა კირკიტაძემ განუცხადა, ხელშეკრულების საფუძველზე „კაპიტან +“ საერთაშორისო ტურისტული კომპანია „ქორელ თრეველისგან“ ეგვიპტისა და თურქეთის მიმართულებით ტურებს ყიდულობდა. მისი თქმით, დღეიდან ხელშეკრულება გაუქმდა.
„კვირა“  საერთაშორისო კომპანია „ქორელ თრეველის“ საქართველოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ირკვევა, რომ საერთაშორისო ტურისტული კომპანიის „ქორელ თრეველის“ ცენტრალური ოფისი თურქეთის ტერიტორიაზეა დაფუძნებული და დაახლოებით 8 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა.
ტურისტულმა კომპანიამ 2014 წელს საქართველოში ერთ-ერთი ფილიალი დააფუძნა. როგორც „კვირას“ ოფისში განუცხადეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტებს არა საქართველოს წარმომადგენლობა, არამედ რუსეთის წარმომადგენლობა აგზავნის. 12773219_1089227577766401_127077784_o
შპს CORAL TRAVEL „ქორალ თრეველი“, რომლის დამფუძნებელი არის თურქული კომპანია „ოტი ჰოლდინგი“ საქმიანობას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო ტურისტული კომპანია. კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავს მფლობელი. შესაბამისად, საქართველოში არის ქართული კომპანია, რომელიც თურქული ჰოლდინგის საკუთრებაშია. რაც შეეხება კითხვას, თუ რა კავშირი აქვს ჩვენს კომპანიას რუსეთის კომპანიასთან, მხოლოდ ერთსა და იგივე ბრენდს წარმოვადგენთ, მათ ჰყავთ დამოუკიდებელი მმართველი და არის რუსეთში დაფუძნებული „ქორელ თრეველი“.
ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს რუსეთში არსებულ ტურისტულ კომპანიასთან. ჩვენ მომხმარებელს აფხაზეთის ტერიტორიაზე არანაირ ტურებს არ ვთავაზობთ. ან როგორ უნდა შევთავაზოთ, ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩვენ მიმართულებები გვაქვს აზიის ქვეყნებისკენ, ეგვიპტე, თურქეთი, გაერთიანებული ემირატები, შრი-ლანკა და ასე შემდეგ.
ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ის ტურები, სადაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს, ან გამარტივებული უვიზო რეჟიმი აქვს“, – აცხადებს „ქორელ თრეველის“ საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხურცილავა.
ხურცილავა მიიჩნევს, რომ ტუროპერატორმა „კაპიტან +“-მა მათი კომპანიის მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. 12325377_1089229534432872_1108967499_n
„ჩვენს კომპანიაზე არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებენ. ეს არის ცილისმწამებლური, ჩვენი კონკურენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მიზანმიმართული კამპანია“, – აცხადებს ნინო ხურცილავა „კვირასთან“ საუბრისას.
ცნობისათვის, საერთაშორისო ტურისტული კომპანია „ქოლერ თრეველის“ წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყანაში არსებობს. კერძოდ, რუსეთში, ინგლისში, ბელორუსიაში, უკრაინაში და ასე შემდეგ. საქართველოში კი წარმომადგენლობა 2014 წელს ამოქმედდა, რომლის ხელმძღვანელი მარია ბადალოვაა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები