კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი შემოქმედებით საღამოს გამართავს (ვიდეო)

   როგორც კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა ,,კვირას“ განუცხადა, უახლოეს ხანში იგი შემოქმედებითი საღამოს ჩატარებას აპირებს: – საკმაოდ ბევრი ნაწარმოები დამიგროვდა, რომელიც ჯერ არ გამიტანია მსმენელის სამსჯავროზე და მინდა, გამოვამზეურო, კონკრეტულად როდის ჩავატარებ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ უახლოესი გეგმა ასეთია. შარშან, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლების საკომპოზიტორო კონკურსზე, ჩემი პირველი სიმებიანი კვარტეტი პრემირებული იყო სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებთან ერთად, სულ ახლახან კი კამერული მუსიკის პირველ კონკურსზე ახალი ნაწარმოების, საფორტეპიანო კვინტეტის პრემიერა შედგა. ამ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის და სულისჩამდგმელის, კონსერვატორიის პროფესორის, მაია მშვილდაძის დიდი ძალისხმევით, ნაწარმოები წარმატებით შესრულდა. ქალბატონმა მაიამ ფაქტობრივად გმირობა ჩაიდინა, ვინაიდან ახალ ნაწარმოებს ყველა არ ჰკიდებს ხელს იმის გამო, რომ რთულია არააპრობირებული, მით უმეტეს ანსამბლური ნაწარმოების მომზადება. საერთოდ კი, მინდა გითხრათ, რომ თუმცა ჩვენს გარშემო არც ისე ბევრია დახვეწილი მუსიკალური განათლების მქონე ინტელექტუალური მსმენელი, მაინც სისტემატურად უნდა გაშუქდეს და მეტი დრო დაეთმოს სერიოზულ მუსიკას, რადგან ქართული პროფესიული მუსიკის შემდგომმა განვითარებამ პროგრესი და არა რეგრესი განიცადოს. მინდა ყველას შევახსენო, რომ საუკუნეებით მოტანილი ხარისხიანი კლასიკური მუსიკა და ხალხური შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები ნებისმიერი ადამიანის განვითარების საყრდენი და საფუძველია. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებია, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი კლასიკასა და კამერულ მუსიკას დიდ დროს უთმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები