თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაკურიანში რუსული ბატალიონი წვრთნებს გადის

იტალიის საკონსულოს თანამშრომელი სოფიო თუთისანი ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბაკურიანში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამთო ბატალიონი წვრთნებს გადის.
თუთისანი ამბობს, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს.
“ბაკურიანში წვრთნებს გადის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამთო ბატალიონი (დაახლოებით 100 კაცამდე – ეს რაც 1 საათში დავთვალე). აქედან რამდენიმე აღჭურვილია ვიდეოგადამღებებით (თავზე დამაგრებული პატარა კამერებით)… რა “წვრთნას” გადიან, ან რას იღებენ, ან რატომ არიან აქ, ძალიან საინტერესოა… იმედია, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ფლობენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები!!!! (მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან არის მოწოდებული)“, – წერს თუთისანი.12729377_10206263246435227_5793233928208980761_n
“კვირა“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ ბაკურიანში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენების ყოფნის ფაქტს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბაკურიანში ნატოს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი მიმდინარეობს და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და საქართველოს სხვა პარტნიორი წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
“ეს არის გეგმური სწავლება, მასში ჩვენს სამხედროებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ“, – აღნიშნავენ უწყებაში.
Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები