პროკურატურამ სტუდენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვა

   საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პროექტში „სასამართლო მონიტორინგი“ მონაწილე სტუდენტები სამახსოვრო სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, რომელშიც ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 სტუდენტი მონაწილეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი სასამართლო დარბაზში სტუდენტების თვალით დანახული პროკურორის საქმიანობა იყო. სტუდენტები პროკურორების საქმიანობას ორი თვის მანძილზე სწავლობდნენ და აკვირდებოდნენ. მათ ასევე ჩაუტარდათ ტრენინგები პრაქტიკოსი პროკურორების მიერ.

„პროკურორების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ პროკურორი თავის ფუნქციებს კვალიფიციურად ახორციელებდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ის პროექტი, რომელშიც თქვენ იყავით ჩართული. საქართველოს პროკურატურას აინტერესებდა, როგორი იყო მომავალი იურისტების თვალით დანახული პროკურორი სასამართლოში“, – მიმართა სტუდენტებს პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას სტუდენტებთან და პროექტის მეორე ეტაპის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები