კახა კახიშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იმსჯელეს.
დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, კანადის და სამხრეთ აფრიკის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ყოფილმა და მოქმედმა უფროსებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება და საქართველოში მსგავსი ორგანოს შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა.
კახა კახიშვილის თქმით, მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს გამოძიების კონკრეტულ უწყებებში ჩაკეტვა. თანამდებობის პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაული, იმავე უწყებამ არ გამოიძიოს.
„არ ვარ პროკურატურის პარალელური სტრუქტურის შექმნის მომხრე. ასე ძალიან შორს წავალთ. ჩემთვის წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანო საკუთარი ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და პარალელური საპროკურორო ფუნქციებით. უნდა შეიქმნას ქმედითი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი პროკურატურის ზედამხედველობით. საჭიროა მკაცრი საკანონმდებლო გარანტიები, რომ დანაშაული, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირებს, არ დარჩეს გამოსაძიებლად იმ უწყებას, სადაც ეს დანაშაული ხდება,“ -განაცხადა კახა კახიშვილმა.
პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დღეს ციხეებში აღარ ხდება სისტემური დანაშაული. აღარ არის წამება და არაადამიანური მოპყრობა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა კონტროლის საშუალება იქნება და გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. იგი განახორციელებს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისათვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვასა და ამ კუთხით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები