შოთა გეწაძე: მამუკა ახვლედიანის საჯარო განცხადებებს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონია

მამუკა ახვლედიანის საჯარო განცხადებებს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონია, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცალკე დისციპლინური დევნაა დაწყებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ განუცხადა, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე მამუკა ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დააყენა.
გეწაძის განმარტებით, ახვლედიანის გათავისუფლების მიზეზი მისი მენეჯმენტური შეცდომებია.
“აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველია ის, რომ საქალაქო სასამართლოში იგი პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა მენეჯმენტს იმ დონეზე, რაც საქალაქო სასამართლოს მართვისთვის არის საჭირო. მან თვითნებურად, საბჭოს თანხმობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის კოლეგიაში საქმეთა განაწილების წესი დაარღვია. მან უგულებელყო საბჭოს ნება, რომ არ გაეუქმებინა ვიწრო სპეციალიზაციები, თუმცა მან პრაქტიკულად გააუქმა ეს სპეციალიზაციები, ანუ უგულებელყო საბჭოს ნება. რაც შეეხება სამოქალაქო კოლეგიას, საბჭოს კომპეტენციაა სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების შექმნა. შექმნილი იყო ასეთი სპეციალიზაციები სამოქალაქო კოლეგიაში, თუმცა ახვლედიანმა მეხუთე სპეციალიზაცია შექმნა ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან შემოსული საჩივრების განმხილველი კოლეგიის სახით. ეს მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით. აქედან გამომდინარე, მის საჯარო განცხადებებს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონია. ამაზე ცალკე დისციპლინური დევნაა დაწყებული”, – განაცხადა გეწაძემ.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან დაევალა შეესწავლა ეს საკითხები და აღმოაჩინა ასეთი ტიპის დარღვევები.
“ერთი კვირის წინ ჩვენ ვმსჯელობდით მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით. საკითხები შეეხებოდა ვიწრო სპეციალიზაციების გამიჯვნას სასამართლოში. ამ ჭრილში განვიხილეთ ეს საკითხი და აღმოჩნდა დარღვევები. ვალდებულები ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა ამაზე. ეს ყველაფერი უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს”, – განაცხადა გეწაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მხარი, პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა, ყველამ დაუჭირა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები