კახა კახიშვილი: შიდა გამოძიებასთან არსებულ მოდელში დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს

არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, შეიქმნას კიდევ ერთი დამოუკიდებელი რგოლი, რომელიც ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე დაიწყებს საქმის გამოძიებას, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში განაცხადა, სადაც ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით წარმოდგენილია 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ.
კახა კახიშვილი თვლის, როდესაც არსებობს პროკურატურა და ყველა უწყებაში – საგამოძიებო დეპარტამენტები, აღნიშნული კანონპროექტი არასწორია.
„ეს ნიშნავს, იმას, რომ ფაქტობრივად სურთ, შეიქმნას კიდევ დამოუკიდებელი რაღაც რგოლი, რომელიც ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე დაიწყებს საქმის გამოძიებას, ანუ თვითონ მიიღებს ოპერატიულ ინფორმაციას, თავად დაიწყებს საქმის გამოძიებას, თავადვე გაუწევს საპროკურორო ზედამხედველობას და ბრალის მხარდაჭერას სასამართლოში. მაშინ როდესაც არსებობს პროკურატურა, მაშინ როდესაც ყველა უწყებაში არსებობს საგამოძიებო დეპარტამენტები, ჩემი აზრით, ეს არასწორია”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, უკვე არსებულ მოდელში უნდა გამოინახოს მექანიზმები და გაძლიერდეს თუნდაც საპროცესო კანონმდებლობაში ნორმები.
“ამ შემთხვევაში რაღაც საგამოძიებო ცალკე მექანიზმების და მონსტრების შექმნით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულები, არამედ იმით, რომ არსებულ მოდელში გამოვნახოთ მექანიზმები და გავაძლიეროთ თუნდაც საპროცესო კანონმდებლობაში ნორმები, რომელიც მისცემს საშუალებას, თუნდაც საკუთარ უწყებებში ჩადენილი დანაშაული, მხოლოდ პროკურატურამ გამოიძიოს ამ უწყებისგან დამოუკიდებლად”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და აქ აუცილებელია მეცნიერების ჩართვა, რომ მოხდეს ერთიან მოდელზე შეჯერება. “ნამდვილად არის კითხვის ნიშნები საზოგადოებაში შიდა გამოძიების მექანიზმებზე, მაგრამ ისინი უნდა აღმოვფხვრათ არა კიდევ ერთი დიდი მონსტრის შექმნით, არამედ არსებულ მოდელში დამოუკიდებლობის გაძლიერებით”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები