იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანის მხრიდან გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე იმსჯელებს

როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა შოთა გეწაძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მხრიდან გამოვლენილ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით განაცხადა.
შოთა გეწაძე აღნიშნულ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარადგენს. როგორც გეწაძემ განაცხდა, საუბარია ახვლედიანის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით სპეციალიზაციების დამატებაზე. მისივე თქმით, სპეციალიზაციების თაობაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს.
“გამოვლინდა შესაძლო დარღვევები, რაც უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მენეჯმენტს. აქ საუბარია შესაძლო დარღვევებზე. როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილია ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში. დღევანდელ სხდომაზე ვაპირებთ, ეს საკითხი შევაფასოთ. საუბარია საბჭოს უფლებამოსილებაზე სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციების განსაზღვრის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს ვიწრო სპეციალიზაციები განხორციელებულია თავად საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ”, – განაცხადა გეწაძემ.
არამოსამართლე წევრის, ვახტანგ თორდიას განცხადებით კი, ასეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ეს შესაძლებელია დისციპლინარულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
“სპეციალიზაციას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დღეს შეფასებას მივცემთ, იყო თუ არა ასეთი დარღვევა და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ასეთი რამ მოხდა და მოხდა კანონსაწინააღმდეგოდ, ბუნებრივია, მას ადეკვატური შეფასება მიცემა”, – განაცხადა თორდიამ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიწვეული იყო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, თუმცა მამუკა ახვლედიანი სხდომას არ ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები