იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია. ხმის მიცემის პროცესში კონფერენციის 226 რეგისტრირებული მოსამართლე მონაწილეობდა.
13 ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო დანარჩენმა 213-მა მოსამართლემ ხმა სწორედ მეთოფიშვილის კანდიდატურას დაუჭირა.
მეთოფიშვილი ერთადერთი კანდიდატურაა, რომელიც კონფერენციაზე დაასახელეს, მისი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა. მეთოფიშვილმა მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მისთვის საპასუხისმგებლოა.
“მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მოსამართლეს. ეს არის დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გავამართლო მოლოდინი”,- აღნიშნა სერგო მეთოფიშვილმა.
სერგო მეთოფიშვილი ბოლნისის მოსამართლედ მუშაობდა. იგი ახალი დანიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და გამოსაცდელი ვადით იმყოფება. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი პრობლემაა. მათ შორის გამოყოფდა სასამართლოების გადატვირთულობას. საბჭოს ახალი წევრი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დანიშვნები მაქსიმალურად უნდა მოხდეს, რათა სასამართლოებმა შვება იგრძნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები