გურიის გუბერნატორი სიდედრის დაკრძალვასთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

„ჩემი, როგორც გუბერნატორის მხრიდან არასოდეს არავითარი სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, მან სიდედრი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაკრძალა.
ამასთან, გია სალუქვაძე აცხადებს, რომ მის მიმართ ცილისწამებლური კამპანია მიმდინარეობს და მასზე საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
„მინდა გამოვეხმაურო გაზეთ „გურიის მოამბეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი, როგორც გუბერნატორის მხრიდან არასოდეს არავითარი სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. ეს ყველაფერი მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა და „გაზეთ გურიის მოამბეს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, ხდება სიცრუის ტირაჟირებაც. სტატიაში ასახული ფაქტები, რომ თითქოსდა, ჩემი სიდედრი ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაკრძალეს სიმართლეს არ შეესაბამება. ააიპ ‘’ოზურგეთის სერვის ცენტრის’’ თანამშრომლები არ არიან დაკავებულნი ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში არანაირი სამშენებლო და სასოფლო სამეურნეო სამუშაოებით. აბსურდულია ის ფაქტიც, რომ კომპანია “სოკარმა” სოფელ ბოხვაურში ჩემს ოჯახში გაზი შეიყვანა და ამის გადამოწმება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ძალიან მარტივია. ასევე, არ გამაჩნია თხილის პლანტაციები, რომელზედაც „გურიის მოამბის“ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო საუბარი. არ ვაპირებ ცილისწამებლურ განცხადებაზე დავწვრილმანდე და მზად ვარ, ნებისმიერ დროს ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი პირადად გავცე“,- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის სიდედრი, ციური ნაცვალაძე, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაკრძალეს. ინფორმაციას ამის შესახებ “გურიის მოამბე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოზურგეთის დასუფთავების სამსახური უკვე წელიწადია გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, მშენებლობით და სასოფლო- სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებს. ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის, იგივე ა (ა)იპი “ოზურგეთის სერვის ცენტრის” თანამშრომლები გაუსაძლის ყოფაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი არ არის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვის სახლშიც ისინი უფასოდ, იძულებით მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები