„სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ და „კვირას“ ერთობლივი პროექტი – ქართულ მედიასივრცეს ახალი პორტალი: www.city.kvira.ge დაემატა (ვიდეო)

„სითი ინსტიტუტი – საქართველო“ და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ ერთობლივ პროექტს იწყებენ, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მამუკა სალუქვაძემ და პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთი ხოსიტაშვილმა ისაუბრეს. ახალი ვებგვერდი: www.city.kvira.ge ქალაქის განვითარების ურბანულ საკითხებს შეეხება და დედაქალაქთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს. ამავე ვებგვერდზე განთავსდება სიახლეები უცხოეთიდანაც.

www.city.kvira.ge ძირითადად, დედაქალაქის პრობლემატიკასა და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივებს და თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებას გააშუქებს. დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში გაეცნოს დედაქალაქის ყველა სიახლეს, პრობლემას, საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი განვითარების პერსპექტივებს… პარალელურად კი, ვებგვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში გამოქვეყნდება საინტერესო ინფორმაცია თბილისის ისტორიის შესახებაც.
ვებგვერდი გაააშუქებს საინტერესო სიახლეებს უცხოეთიდანაც, გიამბობთ მსოფლიოს არქიტექტურულ ნიმუშებსა და ინოვაციებზე, გაგაცნობთ ეკოლოგიურ სიახლეებს, მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ.

„სითი ინსტიტუტი – საქართველო“ არის ორგანიზაცია, რომელმაც მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. პროცესების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობა საიტის მეშვეობით სრულად ინფორმირებული იქნება.
„city.kvira.ge გააშუქებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო პროცესს. ავსახავთ სამუშაოს მიმდინარეობას და შეგვეძლება, საიტის საშუალებით გარკვეულ კითხვებსაც გავცეთ პასუხები. ეს ყველაფერი ძალიან ადვილი და გასაგები ენით გამოქვეყნდება. ვებგვერდზე საინტერესო მონაცემების განთავსებასაც ვფიქრობთ ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული დაგეგმარების კუთხით.
პირველ რიგში, აქ იქნება ყველა ის მისამართი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომ გადავიდეს კანონმდებლობაზე და მოიძიოს ის კანონები, რომელიც ურბანულ განვითარებას ეხება. საიტის სრულყოფაზე მუშაობა გრძელდება და ეტაპობრივად იგი გამდიდრდება მრავალი საინტერესო ინფორმაციით “, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

ახალ საიტზე, დედაქალაქის სიახლეების გარდა, ინფორმაციები რეგულარულად გამოქვეყნდება, ასევე – თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ისტორიები.
როგორც ქეთი ხოსიტაშვილმა აღნიშნა, მკითხველს საშუალება ექნება, city.kvira.ge-ზე ისტორიული ადგილებისა და ქუჩების შესახებ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს.

„სითი კვირა“ ექსკლუზიურად გააშუქებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო პროცესს და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველად ჩვენგან შეიტყონ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სიახლე. ვებგვერდი ასახავს არა მხოლოდ სამუშაოს მიმდინარეობას, არამედ უპასუხებს დაინტერესებული მოსახლეობის კითხვებსაც. ჩვენი მიზანია, მოსახლეობისთვის უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს ურბანული დაგეგმარებისა და ქალაქების განვითარების საკითხები.
ამრიგად, „სითი კვირა“ ქართველ მკითხველთა ფართო სპექტრისთვის საინტერესო და საჭირო ვებგვერდია.
ეს იქნება ერთიანი სივრცე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გაშუქდება ყველა ის საინტერესო სიახლე, რაც დედაქალაქს და არა მხოლოდ მას უკავშირდება. ვებგვერდზე ყოველდღიურ რეჟიმში განთავსდება სიახლეები, თბილისის ქუჩებისა და შენობების ისტორიები. ვფიქრობ, ეს ორგანიზაცია ძალიან ბევრს აკეთებს, რომ ჩვენ ხვალ ევროპული სტანდარტების ქალაქში ვიცხოვროთ და უფრო კეთილმოწყობილი გარემო გვქონდეს“,- აღნიშნა ქეთი ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები