გოგა ხაჩიძე: დაახლოებით ერთი კვირის წინ სრულიად კანონიერად დავთვერი და მერე სრულიად კანონიერად ვიყავი ცუდად

არ არსებობს კვლევა დედამიწაზე, რომელიც არ იტყვის, რომ ალკოჰოლი უფრო მავნებელი არ არის, ვიდრე მარიხუანა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე ინიცირებული პროექტის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნულ კონტექსტში მაგალითი მოიყვანა.
„ძალიან ბევრი ექსპერტის მიერ არის ახსნილი, რომ ეს “კარიბჭის თეორია”, რომელიც 80-იან წლებში იყო პოპულარული, აღარ არსებობს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მარიხუანა საწყისი ნარკოტიკი არ არის. გაცილებით საწყის ნარკოტიკად შეიძლება სიგარეტი და ალკოჰოლი ჩაითვალოს. საუბარია მავნებლობაზე, ზიანზე. კი, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენივე არჩევანით გარკვეულ ზიანს ვირჩევთ. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ყველა კვლევით და, არ არსებობს კვლევა დედამიწაზე, რომელიც არ იტყვის, რომ ალკოჰოლი უფრო მავნებელი არ არის, ვიდრე მარიხუანა და თან რამდენიმე პუნქტით მავნებელია.
თუ მავნებლობაზე და იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ როგორ ვაყენებთ ზიანს საკუთარ თავს, მინდა მარტივი მაგალითი მოგიყვეთ: – დაახლოებით ერთი კვირის წინ, მარტვილში, სრულიად კანონიერად დავთვერი, მერე სრულიად კანონიერად მარტვილის ცენტრში ვიყავი ცუდად, მერე სრულიად კანონიერად ადამიანად აღარ ვვარგოდი და მერე კიდევ ორი დღე ვერაფერს ვაკეთებდი. ვიცით, ბატონო, რა ზიანს გვაყენებს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს”, – განაცხადა ხაჩიძემ.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები