“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც “კვირას“ სემეკიდან აცნობეს, დაჯარიმების საფუძველს კომპანიის მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევა წარმოადგენს.
“2015 წლის 16 სექტემბერს მოქალაქე თ. ჭიჭინაძემ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” მიმართა წერილობით და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე დაერთების მიზნით კომპანიისგან ტექნიკური პირობის გაცემა მოითხოვა, რაზეც შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” უარი განუცხადა. მოქალაქე თ. ჭიჭინაძე არ დაეთანხმა კომპანიის მითითებას და განცხადებით მიმართა კომისიას. კომისიამ სადავო საკითხი 2016 წლის 27 იანვრის საჯარო სხდომაზე განიხილა და მიიჩნია, რომ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ქმედება ეწინააღმდეგებოდა “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებს” და მოქალაქის მოთხოვნა დააკმაყოფილა – საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კომპანიას ტექნიკური პირობის გაცემა დაავალა. დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა, რადგანაც კომპანიამ არ შეასრულა “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” მოთხოვნები”, – აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები