ანა დოლიძე საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია. ანა დოლიძე აბიტურიენტებს შეხვდა და მათ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის (ეთა) შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„თავდაცვის აკადემიას მომავალი სასწავლო წლისთვის მიღება აქვს გამოცხადებული. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ბევრმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ მოგვმართოს და გახდეს სამხედრო. ამიტომ, „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში, განათლების გამოფენაში ვმონაწილეობთ. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელზეც ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი დონის სამხედრო განათლებას და, რეალურად, ეროვნული თავდაცვის აკადემია არის ამ ტიპის ერთადერთი დაწესებულება საქართველოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
აკადემიაში ჩარიცხვის წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების შეკითხვებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა უპასუხეს და აბიტურიენტებს დამატებითი ინფორმაცია ბროშურების სახითაც მიაწოდეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი. ღონისძიება თავდაცვის უწყების „ცოდნის კვირეულის“ ერთ-ერთი კომპონენტია. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები