თამარ სანიკიძე პრემიერის ინიციატივაზე: საუბარია ანგარიშგების ეფექტური სისტემის აწყობაზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ „ფრონტ-ოფისის“ შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობის შიგნით საუბარია ანგარიშგების ეფექტური სისტემის აწყობაზე და არა ახალი სტრუქტურის შექმნაზე.
“აქ არ არის საუბარი ცალკე სტრუქტურის შექმნაზე, როგორიც არის მაგალითად სსიპ-ები ან ცალკეული აპარატები. საუბარია ანგარიშგების ფორმატის დანერგვაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ინფორმაცია იყოს კარგად გაცვლილი, ქმედებებზე უკუგება იყოს დროული და ა.შ. ანუ საუბარია ანგარიშგების სისტემის აწყობაზე, რომელიც იქნება ეფექტური და არა რაიმე ახალი სტრუქტურის გაჩენაზე, რომელიც დამატებით შეიქმნება, რათა კიდევ ახალი ფუნქცია შეითავსოს”, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, ეს არ იქნება დაკავშირებული დამატებით ადმინისტრაციულ ხარჯებთან. “ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ ჯერჯერობით არსებული რესურსებით და ამ რესურსების კიდევ უფრო ეფექტურად გადანაწილებით კეთდება”, – დასძინა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 თებერვალს, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროებისა თუ სააგენტოების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს, უახლოეს დღეებში შეიქმნება. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ეს იქნება სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები