სოფო ჯაფარიძე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სოფო ჯაფარიძემ დუბრავკა სიმონოვიჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობებზე.
“ საუბარი შეეხო ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს, საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის საქმიანობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე და 2016-2017 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. სოფო ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა გაეროს სააგენტოთა მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებას ეხება. აღნიშნული მექანიზმის ამუშავებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების არსებულ სერვისებზე და მათი გაუმჯობესების მიზნით დასახულ გეგმებზე.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განიხილეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიკაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დუბრავკა სიმონოვიჩი, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელის რანგში, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები