ძმები გაჩეჩილაძეები “მაესტროს” კრედიტორთა კრებას არ ესწრებიან

“მაესტროს” კრედიტორთა კრებას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ძმები გაჩეჩილაძეები არ ესწრებიან. მათი ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განმარტებით, გაჩეჩილაძეები სასამართლოში მისვლას არ აპირებენ და იგი მათი წარმომადგენლის სტატუსით მიიღებს კრებაში მონაწილეობას.
მისივე თქმით, დღევანდელ კრებაზე გაჩეჩილაძეების მხარის მოთხოვნა იქნება კრების გადადება, ვიდრე არ დარეგისტრირდება “მაესტროს” დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე.
“კანონის მოთხოვნაა, რომ კრებაზე “მაესტროს” უფლებები დაიცვას დირექტორმა. დღეს დირექტორის დარეგისტრირების პროცესი შეჩერებულია. ბაია გადაბაძე არის ყოფილი დირექტორი და იგი ვერ დაიცავს კრებაზე “მაესტროს” ინტერესებს. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე ჩვენი მოთხოვნა იქნება ეს”, – განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
ადვოკატის თქმით, ის რომ გაჩეჩილაძეები სხდომას არ დაესწრებიან ჩვეულებრივი საკითხია, რადგან კრედიტორთა კრებაზე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიასაც წარმოადგენს საკუთარი იურისტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქართველოში დაბრუნება და კრებაში მონაწილეობა შეეძლოთ. კორძახიამ განმარტა, რომ თუკი კრების გადადების თაობაზე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იქნება კიდევ ერთი შუამდგომლობა. კერძოდ, ადვოკატი მოითხოვს, გადაწყდეს საკითხი, ვინ წარმოადგენს “მაესტროს” კრედიტორთა კრებაზე – ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც პარტნიორთა კრებამ აირჩია, თუ ბაია გადაბაძე, რომელიც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, დირექტორი აღარ არის, თუმცა რეგისტრაციაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები