თურქეთში თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს, რომელმაც ანკარაში აფეთქება მოაწყო
თურქმა სამართალდამცველებმა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დაადგინეს, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოაწყო.
Gazete Votan-ის ინფორმაციით, ეს სირიის მოქალაქე სალიჰ ნეჯერია. ის ქურთების „დემოკრატიული კავშირის“ და მისი საბრძოლო შენაერთის, „სახალხო თავდაცვის რაზმის“ წევრია.
თვითმკვლელის ვინაობის დადგენა აფეთქების ადგილზე სხეულის ნაწილების ექსპერტიზით გახდა შესაძლებელი. ტერორისტული აქტი ანკარის ცენტრში 17 თებერვალს, საღამოს მოხდა. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაიჭრა. აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებლის სიახლოვეს მოხდა, დაღუპულთა შორის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან.