რამ აატირა გურამ პეტრიაშვილი და როგორ იქცა მისი ზღაპრები რეალობად…

ალბათ ყველას ახსოვს „პატარა ქალაქის ზღაპრები“… გურამ პეტრიაშვილის ოცნებების სამყარო, სადაც ქარს იმორჩილებენ, ბიჭუნას სიზმრებიდან ყვავილები გამოაქვს, ბეჰემოთი დაფრინავს, გაუცინარი ხელმწიფე იცინის და თეთრსულელა ცისარტყელაზე ცეკვავს… ჩვენი პერსონა შეგიძლიათ ყოველ საღამოს დიდებმა პატარებს წაუკითხოთ… მალე გურამ პეტრიაშვილის ზღაპრის პერსონაჟები ხილულები გახდებიან, ახმეტელის თეატრში სპექტაკლ „ჩემი ქალაქის ზღაპრების“  პრემიერისთვის ემზადებიან. იქამდე კი „საქართველოს მთავარი მეზღაპრე“ „კვირას“ მკითხველს საკუთარ ემოციებს უზიარებს…

– ზღაპრების გაცოცხლება სცენაზე…12736138_1221818224513450_490296979_n
– დიდი ხნის წინ თოჯინურ თეატრთან ვითანამშრომლე, სადაც გივი სარჩიმელიძესთან მომიწია მუშაობა. ერთ დროს გივი მასწავლიდა მსახიობის ოსტატობას… მაშინ დადგა ჩემი ერთი ზღაპარი „თეთრსულელა“… თეატრში, მსახიობებთან კი პირველად ხდება, პირველად არის დრამატულ თეატრში ჩემი ზღაპრები. ახმეტელის თეატრში ამ ზღაპრებს რეჟისორები: ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი რეალობად აქცევენ…
– სპექტაკლზე მუშაობისას თქვენ რა მონაწილეობას ღებულობთ…
– რეპეტიციებს ვესწრები. ხანდახან შეიძლება გავბედო და ვთქვა კიდევაც ჩემი მოსაზრება. თუმცა, მე თეატრი არ ვიცი, აქ პროფესიონალი არ ვარ და ისე უპრეტენზიოდ შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა. უნდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ. მაგალითად, ძალიან მომწონს ახალგაზრდა გიორგი ცხადაძე, ასევე თინა გვაზავა… მაქვს ასეთი ზღაპარი „ყვავილები“, ბიჭუნა სიზმარში ხედავს ყვავილებს და რეალობაში გამოაქვს… სცენაზე ძალიან კარგი გამოვიდა… განსაკუთრებით მომწონს ქალბატონი ნელი ბადალაშვილისა და ბატონი ვაჟა ციცილოშვილის ნოველა. ზღაპარში, ეს კაცი მთელი ცხოვრება დასდევდა ქუდს, რომელსაც ქარი სტაცებდა და ბოლოს, დაამარცხა.  ქარის დამორჩილება კი იმიტომ უნდოდა, რომ დაენახა, როგორ ურხევს ნიავი კულულებს მის შეყვარებულს… და როცა ისინი სცენაზე ერთმანეთს შეხვდებიან… შემდეგ ქალბატონმა ნანამ მითხრა – თქვენ ტიროდით, ამას რომ უყურებდითო?… და მართლაც, ვტიროდი… თეატრს მაინც თავისი ხიბლი, შარმი, სიტკბო აქვს. ლიტერატურა სხვაა. იქ მარტო ხარ, იფიქრებ და მერე მკითხველიც მარტო განიცდის ამას. თეატრში კი მაყურებელია და მათ ერთად უნდა განიცადონ. მე ვფიქრობ, არ შეცდა ბატონი ირაკლი გოგია, როდესაც ჩემი ზღაპრები აირჩია დასადგმელად. ის, როგორც ჩანს, მაშინვე ხედავდა, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო…12736013_1221818357846770_749689048_n
– რთული იყო თქვენი ზღაპრების გაცოცხლება სცენაზე?
– თეატრი სხვა ხელოვნებაა, ზუსტად იმას, რაც მე მინდა, იქ არც უნდა ველოდო. სამაგიეროდ, ისეთი რაღაცებიც მოხდება, რაც მე არც მიფიქრია. თეატრში შეიძლება რაღაც უკეთესიც კი გამოვიდეს, ან პირიქით. არ უნდა გვეგონოს, რომ მე რაც მოვიფიქრე, სულ ეს არის და ამაზე უკეთესს ვერავინ ვეღარ მოიფიქრებს, არ არის ასე… თეატრი თავისთავად სასაწაულია. არის უბრალო სცენა,  რომელზეც გამოდის ორი კაცი და ისინი გაითამაშებენ… და ამ გათამაშების დროს შენ შეიძლება წარმოიდგინო და იგრძნო, როგორ ეჯახება ერთმანეთს სამყაროები. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მიხარია და გულისფანცქალით ველოდები სპექტაკლის დასრულებას, მე მითხრეს, რომ 20 თებერვალს მზად იქნება…
– ქართულ თეატრში ძალიან ცოტა ქართულ ზღაპარს დგამენ, როგორ ფიქრობთ, ამ სპექტაკლის შემდეგ ხშირად ვნახავთ თქვენს პერსონაჟებს სცენაზე?…
– ზღაპრებს 1970 წლიდან ვწერ, გამოდის, რომ 56-ე წელია… თუმცა მე ვიცი ზღაპრების წერა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი… ერთხელ მკითხეს – ბატონო გურამ, როგორ დავწერო ზღაპარიო? მე ვუთხარი, ეგ რომ ვიცოდე, როგორ იწერება, ახლა დაახლოებით 100 ზღაპარი მაქვს და მაშინ 2500 მექნებოდა-მეთქი…12714064_1221818311180108_1411607352_n
ყველა ზღაპარი დიდი ტანჯვის და უბედურების მერე დავწერე. გულახდილად უნდა ვთქვა, რომ სუსტ ზღაპრებად არ მიმაჩნია. ერთმა გოგონამ მომწერა – არ მეგონა, თუ საქართველოში ზღაპრებს წერდნენ და თურმე გურამ პეტრიაშვილი წერსო… მე შემიძლია დავიტრაბახო, რომ ჩემი ზღაპრების მეორე გამოცემა ძალიან კარგად იყიდება. სამომავლოდ ისევ დაიდგმება თუ არა ქართულ თეატრში? – იმედი მაქვს…
არის ასეთი გავრცელებული აზრი: „შინაურ მღვდელს, შენდობა არ აქვსო“. ახლა, მაგალითად, როცა ზღაპრებზე ლაპარაკობენ, უფრო იტყვიან, წითელქუდას, თოვლის დედოფალს და ასე შემდეგ, იმედი მაქვს, კიდევ გაივლის რამდენიმე წელი, მერე მე მოვკვდები და ჩემს ზღაპრებს უფრო მიეცემა ფასი, ასე ხდება… ვიღაც იფიქრებს – ახლა აგერ ცოცხალია ეს კაცი და მაინცდამაინც ნუ შევაქებთ, რომ არ გაყოყოჩდესო… ალბათ სხვა თეატრებიც დაინახავენ, რომ არის ამ ზღაპრებში რაღაც ისეთი, რომ ღირს, დაიდგას… ჩემზე წერენ – ქართველი ანდერსენიო, კარგია, მაგრამ ახლახან ჩემმა კოლეგამ, ჯარჯი ფხოველმა „ლიტერატურულ გაზეთში“ დაბეჭდა, – „ვიღაცამ რომ თქვა, ეს 21- საუკუნის ოსკარ უაილდიაო, ასე კი არ არის, მე ვიტყოდი, ეს არის 21-ე საუკუნის გურამ პეტრიაშვილიო“. – ძალიან გამახარა ამ სიტყვებმა…
ბათუმში ბავშვთა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ   საქართველოს მთავარი 12736458_1221818324513440_1203735169_nმეზღაპრე მიწოდა. ეს ძალიან დიდი პატივია, ეს ღირსების ორდენზე მეტია ჩემთვის… იმედიანად უნდა ვუყუროთ ყველაფერს ქართველებმა და გვჯეროდეს, რომ ქართული ზღაპრები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ…
–  რომელი ზღაპარი მიაჩნია ყველაზე კარგ ზღაპრად, რაც კი წაუკითხავს გურამ პეტრიაშვილს…
– ყველაზე დიდებულ ზღაპრად მიმაჩნია ვაჟა-ფშაველას „სათაგური“.  ვიღაცებს ჰგონიათ, მაგალითად, როგორც გვასწავლის აგრონომია და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები, რომ თაგვი არის საშინელი მღრღნელი, ცუდი ცხოველი. სასწაულია, კაცო, ფიცხელა, რომელიც ვაჟასთვის ასეთი კი არ არის, თაგვები ვაჟა-ფშაველას სახლშიც იპარავდნენ ყველს და რაღაცებს ღრღნიდნენ. მაგრამ ვაჟა იყო კაცი, რომელიც გულით უყურებდა ყველაფერს… ამიტომ მისთვის ეს თაგვიც, არის ერთი უმწეო საყვარელი ცხოველი და ამ უმწეო ცხოველებში თურმე არის ერთი ფიცხელა, რომელიც არის გმირი და ეს გმირი ფიცხელა ჩავარდა სათაგურში. თაგვებმა უნდა იხსნან და სათაგური სოროში უნდათ შეათრიონ, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ყველაფერს ზომა აქვს და სათაგური ბევრად დიდი აღმოჩნდა სოროზე.12735826_1221818341180105_767342249_n როგორი გამოუვალი მდგომარეობაა, წარმოიდგინეთ, ფიცხელა უკვე დაღუპვის პირასაა, მოვა ამ სახლის პატრონი და ალბათ მოკლავს იმ გალიაში მყოფ ფიცხელას, მაგრამ… ვაჟას მოსიყვარულე და კეთილი, ყველაფრის მხედველი გული მოიყვანს პატრონად ვის? ესტატეს… ესტატე საყვარელი მოხუცი ქართველი კაცია, რომელიც გაბოროტებული კი არ არის ქვეყანაზე, არა იმასაც უყვარს ყველაფერი… ნახა ფიცხელა და შეხედა თუ არა, ხომ გახსოვთ, ილია ჭავჭავაძე „კაკო ყაჩაღში“ რომ ამბობს: „გულს გული იცნობს და ღონეს ღონე, მენდე გაგიყო ჭირი და ლხინიო“… ასევე გულმა გული იცნო და ესტატემ იცნო, რომ ეს უბრალო თაგვი კი არ არის მის წინ, მის წინ არის გმირთაგმირი ფიცხელა… გამოიყვანა ფიცხელა გარეთ და გაუშვა… აი, ეს არის საუკეთესო ზღაპარი…
– ბატონო გურამ თქვენ არ გქონდათ შემოთავაზება, რომ მონაწილეობა მიგეღოთ სპექტაკლში...
– მე ისეთი კაცი ვარ, რომ შემოთავაზებას არ დაველოდები, თუ მივხვდები, რომ საჭირო ვარ. მსახიობობა ჩემთვის ახალი ამბავი არ არის. თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, მე არ დაველოდები მათ შემოთავაზებას, მე თვითონ შევთავაზებ – მოდი, იქნებ ეს მე თვითონ გავაკეთო…
– ახლა თუ წერთ ზღაპრებს და ჩვენ როდის წავიკითხავთ?12746006_1221818477846758_84363702_n
– რაც შეეხება ახალ წიგნს, უკვე დავწერე, შევიტანე ზღაპრები, რომლებიც აქამდე არ გამომიცია და მალე გამოვა წიგნად. თვითონ შემომთავაზა  „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა კახა კუდავამ, ახალი ზღაპრების წიგნი გამოვცეთო… მწერლობა ერთი რამითაა ძალიან კარგი, სიკვდილამდე შეგიძლია წერო და აკეთო შენი საქმე. ოღონდ ვინმემ რომ ნახოს, რამდენი მაქვს დაწერილი და იქედან რა მცირე ნაწილია ის, რაც მერე მე მივიჩნიე დაბეჭდვის ღირსად… გუშინ დავწერე ლექსი და მინდა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს…
მინაწერი ფოტოზე, რომელზეც გადაღებულია ოთხი შავჩოხოსანი ქართველი ვაჟკაცი – კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი…
„დგანან შავ-შავ ჩოხებში, მძიმედ გამოწყობილი,
ოთხი დიდი კაი ყმა, ოთხი მკვიდრი ძმობილი,
თითქოს ახლა იმღერეს „შავლეგო“ და „ჩაკრულო“,
ვაჰმე, ჩვენო მამულო, ქრისტეს ჯვარზე გაკრულო.
ან იქნება სამღერლად ახლა ემზადებიან,
ცოტნესა და თევდორეს სვებედს შეხარბებიან
და თუმცა ამ სურათზე ყველაფერი შავია,
ეს სიშავე მომავლის ფერთა ნათესავია…“

12736766_1221819287846677_808074118_o
12695739_1221818377846768_1510673191_n
12746278_1221821334513139_140869775_n

12722315_1221822481179691_65457165_o

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები