დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება

2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე – პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს მასთან ერთად შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სადაც განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.
“ამის შემდეგ ჩვენ უკვე ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ კონკრეტული საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს შეასრულებს 2016 წლის ბოლომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევთანხმდით სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის დარგში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. ამან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი, სადაც უნდა იმოძრაონ ტვირთებმა როგორც აზიიდან, ისე აღმოსავლეთიდან და ევროპიდან”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები