სოროსი აცხადებს, რომ პუტინი ევროკავშირის დაშლას ცდილობს

ფინანსისტი ჯორჯ სოროსი ამბობს, რომ რუსეთს 2017 წელს გაბანკროტება ემუქრება. მომავალ წელს უცხოური ვალების ძირითადი ნაწილის გადახდის დრო დადგება. სოროსის აზრით, პუტინი, ეს რომ არ დაუშვას,  ევროკავშირის დაშლას შეეცდება.
„დასავლეთის მხრიდან სანქციების და ნავთობზე ფასების მკვეთრი კლების გამო, რუსეთის ხელისუფლება ვერცერთ დაპირებას ვერ ასრულებს. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს. ინფლაციის შესაჩერებლად მთავრობას  ბიუჯეტის 3%-ით შემცირება მოუწევს. ეს და სხვა მოვლენები ადამიანების ცხოვრების დონეზე უარყოფითად აისახება და ამომრჩევლის აზრზე საპარლამენტო არჩევნების წინ ნეგატიურად იმოქმედებს“, – განაცხადა მილიარდერმა.
ფინანსისტი ამბობს, რომ ხელისუფლებაში პუტინის დარჩენას შეიძლება ხელი შეუწყოს ევროკავშირის კოლაფსმა, რომლის დანგრევა რუსეთს ფინანსური ვალდებულებების ნაწილისგან მაინც გაათავისუფლებდა. „ევროპის დაშლისგან პუტინი მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. ის შეეცდება, მის მიერ დაფინანსებული ანტიევროპული პარტიების კავშირების გამოყენებას“, – აცხადებს სოროსი.
სწორედ ამით ხსნის სოროსი რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას სირიაში. ამ ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ევროპაში ლტოლვილების ნაკადს ზრდის. სოროსს მიაჩნია, რომ მიგრანტების „შემოსევამ“ შესაძლოა, ევროკავშირი დაანგრიოს, ვინაიდან ამ ორგანიზაციას ამჟამად 5 ან 6 კრიზისთან ბრძოლა ერთდროულად უწევს, ამიტომაც პუტინი ცდილობს, ევროკავშირში არსებული კრიზისი გააღრმაოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები