ომარ ნიშნიანიძემ ქუთაისის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქუთაისის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. საზოგადოების ნაწილის მხრიდან მისი განცხადების გაქილიკება ნიშნიანიძემ უწიგნურობით ახსნა და ქუთაისის სანაოსნო პორტის შესახებ ისაუბრა.
ომარ ნიშნიანიძის თქმით, ქუთაისს აქვს ასევე ძალიან დიდი ტურისტული და სამეცნიერო პოტენციალი. თვითონ ქალაქის ბრენდი კი, მისი თქმით, არგონავტიკის თემა უნდა გახდეს.
„ქუთაისი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მას მეტი ყურადღება სჭირდება. ქუთაისს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი. ეს უნდა იყოს საგანმანათლებლო, კულტურულ- სამეცნიერო საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი.
ქუთაისს აქვს საოცარი ტურისტული პოტენციალი. ქუთაისი ძველი კოლხეთის დედაქალაქია და არგონავტიკის თემა ეს არის ყველაზე ცნობადი თემა, რაც კი ანტიკური ისტორიიდან არსებობს. არგონავტიკის თემის გამოუყენებლობა არ იქნება სწორი. ეს უნდა გავხადოთ ჩვენი ბრენდი. ეს იქნება არგონავტიკის მუზეუმი, არგონავტიკის თემასთან დაკავშირებული ძეგლების განთავსება. ზურაბ წერეთელმა აჩუქა ქუთაისს უზარმაზარი აიეტის ძეგლი. უწიგნურმა და უცოდინარმა ხალხმა ჩემი ნათქვამი საქილიკოდ აიგდეს, მდინარე რიონი სანაოსნო იყო 1926 წლამდე და რიგ შემთხვევებში ახლაც იყენებენ ამ დანიშნულებით. აქ ლაპარაკი არ არის საზღვაო და საოკეანო გემებზე, აქ საუბარია ტურისტულ მცირე ზომის სამდინარო გემებზე, კარგი იქნება, თუ ეს „არგოს“ სტილის გემები იქნება და ჩვეულებრივი მარშრუტით იმოძრავებს. იმოძრავებს იმ მარშრუტით, რომლითაც არგონავტები მოვიდნენ ქუთაისში. არგონავტები ქუთაისში შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს გამოყოლებით მოვიდნენ.
შესაძლებელია იქ მცირე გემით ტურისტები მოვიყვანოთ და ისინი ბათუმიდან ამ გზით ჩამოვიყვანოთ. ქუთაისში შესაძლებელია მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაც. ქუთაისის მიწისქვეშეთი კარსული მღვიმეებითაა დაფარული“, – აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები