პესკოვი – რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად ბოლო წლების განმავლობაში გაუარესდა
„რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად გაუარესდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში “, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პრესმდივნის თქმით, ამ მდგომარეობის არსებობა ძალზე სამწუხაროა, მაგრამ რუსეთი ამაში დამნაშავე არ არის.
„თურქეთმა დღემდე ადეკვატურად არ შეაფასა 24 ნოემბერს მომხდარი ფაქტი და ბოდიში არ მოიხადა. მანამდე კი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე საუბარი არ მიდის“, – განაცხადა პესკოვმა.
თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქულმა თვითმფრინავმა რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ ჩამოაგდო. ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს ტერორისტების მხარდამჭერი ძალებისგან „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა. ამ ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა ანკარის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ, რომელმაც რუსეთი სირიის ტერიტორიის ოკუპაციაში დაადანაშაულა. პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, ეს განცხადებები არასწორია. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ავიაცია სირიაში ამ ქვეყნის ხელისუფლების თხოვნით იმყოფება.