დამასკოში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა
სირიის დედაქალაქ დამასკოში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეატყობინეს.
სამინისტროს ცნობით, დანაღმული ავტომობილი კლუბთან აფეთქდა, სადაც პოლიციელები იკრიბებოდნენ. ახლომდებარე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, კლუბის ავტოსადგომზე მომხდარი აფეთქების შედეგად 8 პოლიციელი დაიღუპა და 20 დაიჭრა.
სირიაში ბოლო მასშტაბური ტერაქტი 31 იანვარს მოხდა. საიდ ზეინაბის მავზოლეუმთან მომხდარი აფეთქების შედეგად მაშინ 71 ადამიანი დაიღუპა.