კომპანია „გუგლის“ ხელმძღვანელმა ბონუსის სახით 199 მილიონი დოლარი მიიღო
კომპანია „გუგლის“ ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გენერალური დირექტორი გახდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მან ბონუსის სახით 199 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. 43 წლის პიჩაი, რომელიც წარმოშობით ინდოეთიდან არის, კომპანიას გასული წლის ოქტომბერში ჩაუდგა სათავეში.
ამ დროს „გუგლი“ კომპანია „ალფაბეტის“ ნაწილი გახდა. „ალფაბეტი“ მსოფლიოს უძვირეს კომპანიად არის აღიარებული და მან „ეფლს“ გაუსწრო.
„გუგლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პიჩაიმ აქციების სახით 200 მილიონი დოლარის ოდენობის ბონუსი მიიღო. ამჟამად „გუგლის“ ფასიანი ქაღალდების ღირებულება 650 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, „გუგლის“ თითოეული დამფუძნებლის – სერგეი ბრინის და ლარი პეიჯის კაპიტალი 34 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.