პრემიერი „ვიმპელკომზე“: ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ

კომპანია „ვიმპელკომი“ საცალო კლიენტურის ბიზნესის შეძენას აპირებს, რომელიც არის ქვეყნის შიგნით და არა შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გასხვისების წინააღმდეგია.
„ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან და თავად ამ კომპანიის წარმომადგენლებთანაც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეს კომპანია აპირებს, შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით. მე თვითონაც, წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, ვინაიდან ამას აქვს გარკვეული სტრატეგიული ხასიათი და კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის და ასევე, სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერი ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს.
„ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც ვერანაირ საფრთხეებს ვერ ვხედავ, ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ, საუბარია ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის ბიზნესის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეს არ შეიცავს“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, იმ სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის გასხვისებასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები, რომლითაც საქართველო და მთელი რეგიონი ინტერნეტმომსახურებას იღებს.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს. აღნიშნულ საკითხზე „კავკასუს ონლაინმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიას აქვს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან, მათ შორის, „ვიმპელკომთან“ და „მაგთიკომთან“ საცალო სეგმენტის შესყიდვის თაობაზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გაგზავნილ ჩამონათვალში არ არის შავი ზღვის მაგისტრალური კაბელი, შესაბამისად, ის კომერციული შეთანხმების ნაწილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები