“თუ ჩვენთან შემოვა რომელიმე მედიასაშუალების მეწილეების გადაწყვეტილებები და მას არ ექნება ხარვეზი, დავარეგისტრირებთ”
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საჯარო რეესტრი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც არეგისტრირებს კომპანიის მეწილეების მიერ დამოუკიდებლად, სახელმწიფოსგან განცალკევებით აბსოლუტურად თავისუფლად მიღებულ და უკვე ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს.
“კანონი არ მოიაზრებს სხვა რაიმე ტიპის გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღებას. შესაბამისად, თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის, მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებულნი, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს “მაესტრო”, “რუსთავი 2″ თუ სხვა მედიასაშუალება, რომ დარჩნენ ჩვენთან, იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.