“მაესტრო 24”-მა ფუნქციონირება “TV 11”-ის სიხშირეზე დაიწყო
ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა “მაესტრო 24”-მა ფუნქციონირება “TV 11”-ის სიხშირეზე დაიწყო.
როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ წუთებში ამ არხზე რადიო მაუწყებლობს.
“მე ვარ დამოუკიდებელი კომპანია, მაქვს ავტორიზაცია, ვიყავი მარეგულირებელ კომისიაში და შევატყობინე, რომ ვიწყებ ტრანსლირებას და ეს არის საცდელი მაუწყებლობა. ამ წუთებში ოდნავ შეზღუდულია მაუწყებლობა დაფარვის კუთხით, “მაესტრო 24″ არის აბსოლუტურად სხვა არხი და მუშაობას შევთავაზებ, ვისაც ექნება სურვილი და ვისაც ჩავთვლი საჭიროდ. მაუწყებლობა დღეიდან დავიწყე. ქალბატონ ბაია გადაბაძესთან მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება აქვე ვიქირავო კუთხე ან სხვა შენობაში”, – განაცხადა კიკაბიძემ.
ძმები გაჩეჩილაძეები კი დღეს ტელეკომპანიაში ჯერ არ გამოჩენილან. “მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, ტელეკომპანიის შენობა მაკა ასათიანის საკუთრებაა და გაჩეჩილაძეებს შიგნით არ შეუშვებენ. ამ მიზნით “მაესტროში“ დღეს დილიდან დაცვა გააძლიერეს.