ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა(ფოტოკოლაჟი)
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებულმა თეატრმა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა წარმოადგინა.
სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო „გორდასა“ და „აბესალომ და ეთერის“ კოსტიუმები და პარტიტურები, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა.
სპექტაკლის „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვანი პარტიები შეასრულეს მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერლებმა – ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი.
„აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (პროექტის მთავარი არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, მათ შორის: გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები; რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი); სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს;
რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილ, ავსტრიული ბროლით დამზადებულ 600 ნათურიან ჭაღს; საერთო ჯამში, ჭაღის და მთლიანად თეატრის განათების სისტემას აკლდა დაახლოებით 12 000 ერთეული ბროლის დეტალი. იგივე მონაცემების ბროლი ფონდმა ,,ქართუმ” კომპანია ,,სვაროვსკისაგან” შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ოპერის თეატრის განათების სისტემაში გამოყენებულ ბროლის ზოგიერთ დეტალს კომპანია აღარ აწარმოებდა, ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით კი მოხდა ამ დეტალების სპეციალური შეკვეთა და დამზადება.
თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით; გადაკეთდა ჯანსუღ კახიძის სახელობის სარეპეტიციო დარბაზი (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი); თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის აშენდა სასადილო; გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, შეძენილია „პანასონიკის“ ფირმის 2 მძლავრი პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის ფირმამ „სვეტლიოსტმა“განათებისათვის თანამედროვე პროჟექტორები დაამონტაჟა, გერმანულმა ფირმა „ზალცბრენერმა“ თეატრი გახმოვანების უახლესი აპარატურით აღჭურვა. დღეისათვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს.
სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის“ ასეულობით თანამშრომელი. სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, თეატრის ფარდა დაიბეჭდა.