ხვალ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

 

28 იანვარს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ გოჩა ჯამარაული.
ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი  28 იანვარს ამომრჩევლებისთვის დილის 8:00 სთ-ზე გაიხსნება, ხოლო კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება; რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს   კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე – results.cec.gov.ge.
როგორც დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა, არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია, მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენები, ასევე, ორენოვანი ბიულეტენები აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, სპეციალური კონვერტები და გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის.„არჩევნები გარდაბნის საარჩევნო ოლქში  64 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ს შეადგენს; კენჭისყრის პროცესს დააკვირდება 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) 8 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედიას, ცესკოში აკრედიტაცია თერთმეტმა მედია ორგანიზაციამ გაიარა და არჩევნებს, მათი 166 წარმომადგენელი გააშუქებს“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 28 იანვარს  აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები