საქპატენტის თავმჯდომარემ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოში 2014 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდები. წარმატებულ კანდიდატებს სერტიფიკატები ოფიციალურად გადასცა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდებში, რომლებიც ორ ეტაპად გაიმართა, სულ 50 პირი მონაწილეობდა, რომელთაგან გამოცდის ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა28 კანდიდატმა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

საკვალიფიკაციო გამოცდები პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის ძირეული რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. თავის მხრივ,რეფორმა მიზნად ისახავს პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის მოდერნიზაციას, პროფესიის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რომელიც მომზადდა საქპატენტის მიერ.

რეფორმის შედეგად დაინერგა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს პატენტრწმუნებულთა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებას, ახალი პროფესიონალების მოზიდვასა და, ზოგადად, მაღალკვალიფიციური პროფესიული კორპუსის ჩამოყალიბებას. ახალი კანონის საფუძველზე შემოღებულ იქნა ორი სპეციალიზაცია – საერთო და სასაქონლო ნიშნების მიმართულებით.

პრაქტიკულად, ეს არის სრულიად ახალი, თანამედროვე ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა უფლების უკეთ დაცვაზე. ამასთან, უზრუნველყოფს რა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემისადმი სანდოობის გაზრდას, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ევროპული პატენტების აღიარება, რითაც უცხოელ განმცხადებლებს გაუმარტივდათ საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვება.

მნიშვნელოვანია, რომ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, ხოლო საგამოცდო დავალებები შემუშავდა WIPO-სა და EPO-ს რეკომენდაციით შერჩეული უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ, რამაც უზრუნველყო გამოცდის საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზება და საგამოცდო დავალებების შესაბამისობა ეროვნულ კანონმდებლობასთან.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე პატენტრწმუნებულთა კანდიდატებს სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის განსაკუთრებული როლი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა შიდა, აგრეთვე, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობის მნიშვნელობა.

კანდიდატებს გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ასევე, მიულოცა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები