„მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის” რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისთვის მზაობის” (B-READY 2025) მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.
აღნიშნული „B-READY” რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business”-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა. საყურადღებოა, რომ საქართველომ „B-READY”-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business”-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს 3 მიმართულებით აფასებს. ეს მიმართულებებია – „ოპერაციული ეფექტიანობა”, „მარეგულირებელი ჩარჩო” და „საჯარო სერვისები”. ანგარიშის თანახმად, „ოპერაციულ ეფექტიანობაში” საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა სინგაპურის შემდეგ.
„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს”, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.