"მთავრობას ოპონენტების პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადაჰყავს"
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიგა ბოკერიას შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის. მისი თქმით, ეს ნაბიჯები არის ის, რასაც უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
“მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყველა პარტნიორი, თავისუფლებისა და ევროპული უსაფრთხოების გულშემატკივრები ფიქრობენ, როგორ უპასუხონ რუსეთის აგრესიას ჩვენს რეგიონში, ჩვენი მთავრობა აგრძელებს და თვისობრივად ახლა ეტაპზე გადაჰყავს ოპონენტების პოლიტიკური დევნა”, – აღნიშნავს ბოკერია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფორმა პოლიტიკური დევნის დემონსტრირებაა.
“ის, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის დაბარება, ყველა საქმის უცებ ერთად წამოწევა და თარიღის გამოცხადება, არის იმის დემონსტრირება, რომ სავარაუდო დანაშაულის გამოძიება კი არა ხდება, რომლის მერეც უნდა ფიგურა გამოიკვეთოს, არამედ არიან იდენტიფიცირებული ფიგურები. სააკაშვილი თავიდანვე ასეთ ფიგურად იყო დეკლარირებული, რომლის ირგვლივაც კერავენ საქმეებს და ახდენენ ფაბრიკაციას, პროკურატურის დაკვეთას და სასამართლოზე ზეწოლას. ეს ძალიან სახიფათო გზაა. ეს არის ის ნაბიჯები, რასაც იანუკოვიჩი დგამდა მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს გზა ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ამ ხელისუფლებას და ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია გრძელი გზაა. ასოცირების ხელშეკრულება ერთი ნაბიჯია ამ გზაზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კარგა ხნით ადრე, ამ ხელისუფლების მოსვლამდეა მიღებული და ახლა სრულდება. ამ გზაზე ამ ტიპის ნაბიჯები საქართველოსთვის ძალიან დიდ ბარიერად იქცევა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება. მასთან ერთად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში გამართულ ფორუმში მონაწილეობს.