საუდის არაბეთის სამეფო „დელტას“ მიერ წარმოებულ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანებს შეისყიდის

საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანტექნიკის შესყიდვის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის – “დელტას“ მიერ წარმოებულმა ჯავშანმანქანამ გაიმარჯვა.
“კვირასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე ათეული ქართული წარმოების სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე საუდის არაბეთთან ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების შედეგად ქართული მხარე 90 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს.
„დელტას“ მიერ დამზადებული 4X4 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საუდის არაბეთში 2014 წლის 27 აგვისტოს გაიგზავნა. მანქანის ტესტირების პროცედურები კი 1-დან 19 სექტემბრამდე გაგრძელდა. საველე ტესტირებებისას ადგილობრივი მძღოლ-მექანიკოსების მიერ მანქანა სხვადასხვა რელიეფის პირობებში გამოიცადა.
ტესტირებაში მონაწილეობდა სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა – როგორიცაა: Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco bearcat. ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი და ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად გავიდა. თუმცა ქართულმა ჯავშანმანქანამ ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა. ტესტირებების დასრულების შემდეგ თვეების განმავლობაში სატენდერო კომისიაში მიმდინარეობდა მიღებული შედეგების შეჯამება და ანალიზი. 12626031_440570832815772_287228870_n
2015 წლის დასაწყისში კომისიის მიერ სსსტც ,,დელტას“ წარედგინა კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც „დელტამ“ დაამზადა კონკრეტულ მოთხოვნებზე და პირობებზე მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის პროტოტიპი. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც მთლიანად დაპროექტებულია, აწყობილია და შემოწმებულია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ, განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.
2015 წლის მარტის თვეში „დელტას“ საუდის არაბეთის ოფიციალური დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მათ შეაფასეს „დელტას“ საწარმოო ბაზა და დაათვალიერეს მათი მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებული უახლესი სამედიცინო ჯავშანმანქანა, ასევე ჩატარდა სამედიცინო ჯავშანმანქანის ჯავშნის სადემონსტრაციო გამოცდა.
უკვე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ, „დელტა“ კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას საუდის არაბეთის სამეფოს სახმელეთო ძალებთან და მათ სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ასეულ ჯავშანმანქანას მიაწოდებს.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები