პრემიერი და არასაპარლამეტო ოპოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მამუკა კაციტაძის თქმით, უახლოეს დღეებში შეიქმნება ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემურ საკითხს მსჯელობის საგნად გახდის.
“მე შეხვედრის დაწყებამდე ვთქვი, რომ არც გადაჭარბებული იმედები მაქვს და არც უიმედოდ შევდივარ-მეთქი. იყო უაღრესად საქმიანი და მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ მიერ დაყენებული თემებიდან, გლობალურ ცვლილებაზე, რასაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება ჰქვია, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი კვლავ გახდება მმართველ კოალიციაში და თუ საჭირო გახდება, ამ განხილვის პროცესში, შეიძლება ჩვენი ჩართულობაც კი მოხდეს.
მეორე – უახლოეს დღეებში შეიქმნება ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემატურ საკითხს მსჯელობის საგნად გახდის, დაწყებული სისტემიდან, დამთავრებული სხვა საკითხებით.
ამიტომ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ იყო იმედისმომცემი შეხვედრა, მაგრამ ზედმეტ ეიფორიაში არ უნდა გადავვარდეთ, რომ რაღაც ახალი მოხდა – არა. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესი”, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრების შემდეგ იქნება საპარლამენტო იმპლემენტაცია.
“ეს აბსოლუტურად საკმარისია, რომ შესაჯერებელზე შევჯერდეთ და ვერშესაჯერებელზე ვთქვათ, რომ ვერ შევჯერდით. ამის მერე იქნება საპარლამენტო იმპლემენტაცია და ჩათვალეთ, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ჩვენ გვექნება შეცვლილი საარჩევნო სისტემა, რაც უკვე კარგია”, – დასძინა კაციტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.