პლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები – სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია პლასტიკის პარკების მწარმოებლებს შეხვდნენ.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, პლასტმასის ნარჩენებით, მათ შორის, პლასტიკის პარკებით დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფომ პლასტიკის გამოყენების შემცირების მიზნით დაიწყო რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

„გადაწყვეტილებას შესაბამის ბიზნესექტორთან თანამშრომლობით და კონსულტაციებით ვიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც; მოგეხსენებათ, მიერთებული ვართ მაღალი ამბიციის კოალიციას, ასევე ნულოვანი ნარჩენების ინიციატივას, რაც სურსათთან მიმართებით პლასტიკის გამოყენების მაქსიმალურად შემცირების პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვიმედოვნებ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევიმუშავებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბიზნესისთვის მისაღები და სახელმწიფოსთვის აღსრულებადი იქნება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

მნიშვნელოვანია, რომ პლასტიკის მოხმარების შემცირების რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რაც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები