“კიდევ ერთხელ, ფაქტობრივად, მტკიცდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო ერთადერთი სწორი, უალტერნატივო პოზიცია, რამაც საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის პირობებში მშვიდობიანად გამოატარა” – ქადაგიშვილი
“კიდევ ერთხელ, ფაქტობრივად, მტკიცდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო ერთადერთი სწორი, უალტერნატივო პოზიცია, რამაც საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის პირობებში მშვიდობიანად გამოატარა”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, საქართველომ ამჟამინდელი პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ომი, გინდა თუ არა, გარკვეულ გეოპოლიტიკურ სურათს ცვლის და, მათ შორის, ევროპაში ერთგვარი თამაშის წესებიც იცვლება. ამაზე ნათლად მეტყველებს, მათ შორის, აშშ-ს ადმინისტრაციის ახალი უსაფრთხოების კონცეფციაც. გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ ფაქტობრივად მტკიცდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო ერთადერთი სწორი, უალტერნატივო პოზიცია, რამაც საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ჯახის პირობებში მშვიდობიანად გამოატარა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პოლიტიკა უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამას ალტერნატივა არ აქვს.
საქართველო არათუ დანაკარგებით, არამედ, როდესაც დასრულდება ეს ომი და ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობა, შეხვდება როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს წარმატებული ეკონომიკა, სტაბილურობის და პოლიტიკური მდგრადობის მაღალი კოეფიციენტი გააჩნია. ეს არის ის, რითაც საქართველომ თავისი შემდგომი განვითარება უნდა გააგრძელოს და უზრუნველყოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.