სამართალდამცველებმა კასპში, ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.