უფლებადამცველები „ნაციონალებს“ ვეტერანთა ჰოსპიტალის თემით სპეკულაციაში ადანაშაულებენ და პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ
უფლებადამცველებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვეტერანთა ჰოსპიტალის პრობლემების შესახებ ისაუბრეს. როგორც „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ და საზოგადოებრივი გაერთიანება „სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელმა დავით შათირიშვილმა განაცხადეს, ვეტერანთა უფლებებით „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებს და ამ ფორმით ისინი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.
“ბოლო კვირების განმავლობაში აქტუალური გახდა ვეტერანთა ჰოსპიტალის საკითხი. ჰოსპიტალის პრობლემას პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის არევა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სურს. ისინი ცდილობენ, აღნიშნული ჰოსპიტალით ისარგებლონ და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ჰოსპიტალში გაუსაძლისი მდგომარეობაა, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ანტისანიტარიაა. აუცილებელია, ვეტერანებს ჰქონდეთ ნორმალური ჰოსპიტალი, სადაც მათი რეაბილიტაცია და მკურნალობა მოხდება.
როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ახალი ჰოსპიტალის აშენებამდე ვეტერანებს მომსახურებას სხვა ჰოსპიტალი გაუწევს და ვეტერანები მომსახურების გარეშე არ დარჩებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ჯოხი ირაკლი შიხიაშვილზე გადატეხოს. ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალებისთვის“ საშიშია, რადგან სწორედ შიხიაშვილი იყო ის პირველი, ვინც მათი პარტიული ფასადური მშენებლობა დაანგრია. თუ ვინმეს უნდა, რომ ირაკლი შიხიაშვილი არ იყოს „ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის“ ხელმძღვანელი, ეს, პირველ რიგში, „ნაციონალები არიან“,- აღნიშნა ლექსო კობაიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ავანტიურაში დაადანაშაულა უფლებადამცველმა დავით შათირიშვილმაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურას ვეტერანთა ინტერესები არ უნდა შეეწიროს. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვეტერანის კეთილდღეობა დაცული იყოს“,- განაცხადა საზოგადოებრივი გაერთიანება „სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელმა დავით შათირიშვილმა.
უფლებადამცველი ლექსო კობაიძე, ვეტერანთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს. ინიციატივა სასამართლო უწყებაში ვეტერანების სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
„ვაპირებთ, საკანონმდებლო ინიციატივით მივმართოთ პარლამენტს. ინიციატივის თანახმად, ყველა ვეტერანი უნდა გათავისუფლდეს იმ ბაჟისაგან, რომელიც პირველ, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებშია დაწესებული. ნებისმიერ მოქალაქეს თუ სურს, რომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა აწარმოოს, აუცილებელია, პირველ ინსტანციაში, საგნის ღირებულების სამი პროცენტი გადაიხადოს, შემდეგ – 4, შემდეგ – 5. ეს ხშირ შემთხვევაში ვეტერანებს დიდ დარტყმას აყენებს ხოლმე და აღარ უჩნდებათ სურვილი, მიმართონ სასამართლოს. მათ ამის საშუალება არა აქვთ, ამიტომაც ვეტერანები უნდა გათავისუფლდნენ იმ სახელმწიფო ბაჟისგან, რომელიც სასამართლოებშია დაწესებული. საკანონმდებლო ინიციატივა დამუშავების პროცესშია, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მივმართავთ“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.