მადრიდის სამეფო თეატრში ქართველი ტენორი მიიწვიეს. მიხეილ შეშაბერიძის მოულოდნელი ტრამპლინი…

„მადრიდის სამეფო თეატრი უკვე სხვაგვარი წინსვლაა…  ამისთვის ვშრომობდი ყოველთვის და დღესაც ვშრომობ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამასაც მივაღწევდი, თუმცა ასე მოკლე დროში ნამდვილად არ ვფიქრობდი…“ – ახალგაზრდა ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე თებერვალში, მადრიდის სამეფო თეატრში,  ვაგნერის DAS LIEBESVERBOT-ში კლაუდიოსის მთავარ პარტიას შეასრულებს.  პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე საოპერო მომღერლის პერსონა ასეთია…

– ხორვატიაში სპექტაკლებზე ვიყავი, როცა ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ მადრიდში „სამეფო 12606869_1209688832393056_472793978_nთეტარში“ ვაგნერის მეორე ოპერა უნდა მემღერა.  ეს ძალიან იშვიათი ოპერაა და ცოტა მომღერალს აქვს ნამღერი. „დას ლიბეს ვერბოტ“, რაც „აკრძალულ სიყვარულს“  ნიშნავს, არაკომფორტული სამღერია. კომიკური ოპერაა, მოქმედება პალერმოში ხდება. შარშან ვიმღერე იტალიიის, ვერდის სახელობის ტრიესეს თეატრში, რომელიც ბაიროითის და ლაიფციგის პროდუქცია იყო, რეჟისორი კი ძალიან ცნობილი AROON SHTILI გვყავდა. ამ თვალსაზრისით ძალიან ბედიღბლიანი გამოვდექი, იმიტომ რომ სამეფო თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი თეატრია იმ 6 თეატრს შორის – ლა–სკალას, მეტროპოლიტენ ოპერას, კოვენტ გარდენის, ტეატრო რეალეს, ვენიშტაც ოპერას, პარიზის გრანდ ოპერას და ამ თეატრში მოხვედრა, ზოგადად, მომღერლისთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალ ნაბიჯებს დგამს და კარიერას იწყებს. ნამდვილად გამიმართლა…
– როდის იქნება პირველი სპექტაკლი?12575961_1209688812393058_367794005_n
– სპექტაკლები 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იქნება. ახლა რეპეტიციები მიმდინარეობს. რეჟისორი,  ლონდონის როიალ ოპერის დირექტორი  კასპერ ჰოლტენია, დირიჟორი – ივონ ბოლტონი, რომელიც არის მადრიდის სამეფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და ზალცბურგის ფესტივალის დირექტორი. ამიტომ, ჯერ ის, რომ ამ თეატრში ვმღერი,  ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, უნდა ვიმუშავო ასეთ ძალიან ცნობილ რეჟისორთან და ასეთ ძალიან ცნობილ დირიჟორთან. 2018 წელს კი ეს პროდუქცია  გადატანილი იქნება ლონდონის სამეფო თეატრში.
– მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდი, რამდენად იყო შენს გეგმებში ასეთი გზა…12606939_1209688799059726_1873405634_n
–  როცა რამეს აკეთებ, ყოველთვის მიზნად უნდა გქონდეს დასახული – რას შეიძლება მიაღწიო და რა შეიძლება იყოს შენი მაქსიმუმი. სიმართლე გითხრა, საქართველოდან იტალიაში რომ ჩავედი, ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მქონდა…  22 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, ხმა ყველაზე მთავარია და აქ ჩემზე ყველა გაგიჟდება-მეთქი… თუმცა, იტალიაში ჩემი კოშკები დაინგრა. თავიდან დავიწყე ყველაფრის სწავლა, 5 წლის განმავლობაში არათუ სპექტაკლი, თითქმის კონცერტზეც არ მიმღერია… მხოლოდ ვსწავლობდი ენებს და დავდიოდი ვოკალის პედაგოგთან. შემდეგ კარგ სააგენტოსთან დავიწყე თანამშრომლობა და სიცილიაში წავედი, მერე პარმის თეატრში ვიყავი. ტრიესტეს თეატრში ორი პროდუქცია და 12 სპექტაკლი მომცეს. ასევე არენა დივერონაზე ვიყავი დაკავებული… მქონდა ხორვატიიდან შემოთავაზება, მერე ბულგარეთში, რუმინეთში, გერმანიაში და ახლა უცებ აქ, სამეფო თეატრში. მინდა ვთქვა, რომ ეს იმხელა ტრამპლინია… ტრიესტეს თეატრი და არენა დივერონა ძალიან კარგი თეატრებია, მაგრამ სამეფო თეატრი უკვე სხვაგვარი წინსვლაა…  ამისთვის ვშრომობდი ყოველთვის და დღესაც ვშრომობ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამასაც მივაღწევდი, თუმცა ასე მოკლე დროში ნამდვილად არ ვფიქრობდი…
– მიხეილ შეშაბერიძის გულშემატკივარი და კრიტიკოსი…12625935_1209688835726389_689348043_n
– კრიტიკა… რომელიც შეეხება ვოკალს, ჩემთვის ყველაზე მისაღები  ჩემი მასწავლებლისგანაა. თუმცა, ადამიანისგან, ვინც კომპეტენტურია მუსიკაში, მისგან სწორად მოცემული  შენიშვნა ასევე ყოველთვის მისაღებია. ხშირად მიკითხავს რჩევა დირიჟორისთვის, რეჟისორისთვის… ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახის წევრები არიან. დედა, ჩემი და, ბებია და რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები.
– როგორია ქართველი ტენორის ოჯახი, იყო თუ არა მუსიკა მშობლების გავლენა?
– პროფესიონალურად მუსიკალური ოჯახი არ მაქვს. დედაჩემმა, როგორც იმ დროისთვის ყველა ქართველმა, მუსიკალური 7 -წლედი დაამთავრა და უკრავს. მამაჩემი საერთოდ ფილოლოგი იყო და მუსიკასთან  შეხება არ ჰქონდა. თუმცა, მამის  და დედის მხრიდანაც ვმღეროდი, ასე ვთქვათ, პროფესიონალური განათლება არა, მაგრამ მუსიკალური ოჯახი ნამდვილად იყო.
– შენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ?12647802_1209688802393059_473326312_n
– ძალიან კარგად. ყველაფერი, რასაც მივაღწიე და რასაც დღეს ვაკეთებ, 90 პროცენტი ჩემი ოჯახის დამსახურებაა. მამაჩემის, სანამ ცოცხალი იყო და მერე დედაჩემის…  ჩემი დის, რომელიც თითქმის ჩემი აგენტია. ხშირად ის პასუხობს ჩემს ელფოსტას, თუ  კონცერტები მაქვს, ყოველთვის ის ეპატიჟება სტუმრებს.  ძალიან მეხმარება…
– იქ, სადაც შენ ცხოვრობ, როგორი სამყაროა შენთვის – ოპერის სამყარო?
– ეს არის ჩემი ცხოვრება, ამის გარეშე ნამდვილად არ შემიძლია და ვერც წარმომიდგენია… რა შეიძლებოდა ვყოფილიყავი და რა საქმე უნდა მეკეთებინა სხვა…  თუმცა, რეალობას მოკლებული არ ვარ და ღრუბლებში არასოდეს დავფრინავ, რაღაც გამოგონილ სამყაროში არ ვცხოვრობ. ასე ვთქვათ, პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ვარ. ყოველთვის ვიცოდი, რა მინდოდა და რისკენ ვიღწვოდი…  მიუხედავად ამისა, განტვირთვა ყველა საქმეში საჭიროა და, განსაკუთრებით, ჩემს სფეროში. აქ ყველაფერი ემოციასთან და ექსპრესიასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, როცა სპექტაკლს ამზადებ და როცა ახალი პარტიაა, იქ 100 – პროცენტიანი ყურადღება და 100 – პროცენტიანი კონცენტრაცია გჭირდება. ეს ალბათ ნებისმიერ საქმეში ასეა. როცა რაღაც გინდა, რომ გამოვიდეს იქ 24 – საათიანი დატვირთვა და ფიქრია საჭირო…
– ლუჩანო პავაროტის ფონდი და ერთადერთი ქართველი, რომელსაც  აფინანსებდა…12575714_1209688822393057_2146519724_n
– ფონდის დატვირთვა იყო, ახალგაზრდა მომღერლებისთვის შეექმნათ ყველნაირი პირობა, რომ მათ  კონცერტებში და სპექტაკლებში მიეღოთ მონაწილეობა. ჩატარდა მოსმენა, 120 კანდიდატიდან აგვარჩიეს 20, ბოლოს კი დავრჩით 7 მომღერალი. 3 დღის შემდეგ, პავაროტის მეუღლის თხოვნით, ჩემს ერთ–ერთ კოლეგა გოგოსთან, სოპრანოსთან ერთად, მის ვილაში ვიმღერე. წელიწად-ნახევარია მათთან აღარ ვთანამშრომლობ. ისინი, ძირითადად, კონცერტებს და შოუებს აკეთებდნენ… რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია დამწყები მომღერლისთვის, მაგრამ მე ოპერის მომღერალი ვარ და ჩემთვის საოპერო სპექტაკლები უფრო მნიშვნელოვანია.
–  ყველაზე კარგად ოპერა რომელ ენაზე ჟღერს?
– ყველა ლათინური ენა, ძალიან მუსიკალურია. თუმცა, იტალიურად რატომ იმღერება ყველაზე კარგად? იმიტომ, რომ ოპერა იტალიაში დაიბადა, ანუ ოპერას ქმნის თვითონ იტალია. საოპერო რეპერტუარის 80 პროცენტი იტალიურია. ასევე ძალიან კარგია რუსული, ფრანგული, გერმანული ოპერები, მაგრამ ისეთი დიდი კომფორტი არ არის, როცა იტალიურ ოპერას მღერი. ამიტომ იტალიური ენა არის ძალიან ფუნდამენტალური საოპერო მომღერლისთვის. საერთოდ, ზოგადად, არა მარტო იტალიური, ფრანგულიც, გერმანულიც, რუსულიც. გარდა იმისა რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა, ოპერის მომღერლისთვის უგივე საერთაშორისო და კომუნიკაციის ენაა იტალიური.
– შენ რა ენებზე მოგიწია ოპერის შესრულება?12625869_1209688805726392_246717484_n
– თითქმის ყველა ენაზე. აქედან, სამწუხაროდ, გერმანულად ვერ ვლაპარაკობ. ვფლობ ინგლისურს, იტალიურს, ფრანგულს, რუსულს, ცოტა ესპანურსაც ვიგებ. რა თქმა უნდა, გერმანულსაც, თუმცა ამას ვერ ვიტყვი, რომ ვლაპარაკობ. გერმანიაში, მიუნხენის ფილარმონიაში ერთხელ მქონდა კონცერტი.  სამომავლოდ ვგეგმავ, რომ გერმანული ენაც ვისწავლო. მათი ოპერა ძალიან პოპულარული ხდება და ბევრ თეატრში იდგმება.
– სამომავლო გეგმები და ყველაზე „მაღალი მწვერვალი“, სადაც უნდა ახვიდე…
– მადრიდის სამეფო თეატრში 6 მარტამდე ვიქნები. შემდეგ სალერნოს თეატრში  ვიმღერებ პუჩინის „მადამ ბატერფლაის“– პინკერტონის პარტიას, სადაც იქნება ძალიან ცნობილი დირიჟორი დანიელ ორენი და ასევე ცნობილი რეჟისორი გრაჰამ ვიკი. უკვე დაგეგმილი მაქვს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში საზაფხულო ფესტივალზე „ნორმას“ და ხორვატიაში, საზაფხულო ფესტივალზე „ტურანდოტის“ შევასრულებ. სოლო კონცერტებს გავმართავ ზაგრებში, სლოვენიაში და სერბეთის  დედაქალაქ ბელგრადში. თითქმის 2017 წლამდე ვიცი, სად რა უნდა ვიმღერო.
„მაღალ მწვერვალს“ რაც შეეხება, ვიღაცისთვის ეს დიდ  თეატრებში სიმღერაა. ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზანია, მაგრამ ყველაზე ძნელი არის ის, რომ დარჩე იქ…  ადამიანმა კარიერა შეიქმნა – ჩემთვის ნიშნავს, როცა ამ სიმაღლეზე შეგიძლია 20–25 წელი დარჩე. მაშინ ძალაუნებურად მსოფლიო დონეზე ცნობილი ხდები, ასე რომ არ იყოს დიდ თეატრებში არ დაგიძახებენ. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება სულ ასე გრძელდებოდეს და გრძელდებოდეს…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები