მანანა კობახიძე: გარდაბნის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი წარსულში ნასამართლევია

„გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” თავისი კანდიდატის მოხსნას გეგმავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამავე პრესკონფერენციაზე მანანა კობახიძემ რამდენიმე პარტიის მიერ არჩევნების ბოიკოტირებაზე ისაუბრა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმმა ამომრჩევლებს გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ბესიკ კახაბრიშვილის ბიოგრაფიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუშინ მათ გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოპოზიციური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა, არჩევნებამდე დაახლოებით 8 დღით ადრე, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ეს არის ალოგიკური ნაბიჯი არჩევნებამდე 8 დღით ადრე.
“ფორმალურად იცით, რომ იქ გარკვეული საფუძვლები იყო მითითებული, თითქოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ბოიკოტირება ხდება ხშირ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც რეალურად გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს იმ კანდიდატს, რომლის უკანაც დგანან ეს პარტიები.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობაც” ნამდვილად გეგმავდა და გეგმავს თავისი კანდიდატის მოხსნას და ბოიკოტორების რეჟიმის შეერთებას. იმ საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, რა თქმა უნდა, ამის მიზანია, ამოეფარონ ამ ბოიკოტირების რეჟიმს. სინამდვილეში რეალური მიზეზი არის ის, რომ მათ კანდიდატს ნამდვილად არ აქვს გამარჯვების შანსი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს დაფარული ინფორმაცია, რომელიც, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, გარდაბნის ამომრჩევლებმა არ იციან”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 1994 წელს ბესიკ კახაბრიშვილი დაკავებული იყო და მას 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირადი ქონების კონფისკაციით და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. 1997 წელს ის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შეწყალების აქტით გათავისუფლდა.
“ის ფაქტი ეხებოდა ყაჩაღობას და გარკვეული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ადამიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, შეღწევას ბეწვის და ტყავის გადამამუშავებელ ფაბრიკაში. ასეთი ბიოგრაფია აქვა ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, როდის აქვს დანაშაული ჩადენილი, ალბათ მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა იცოდნენ, ვის აძლევენ ხმას, ვინ არის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”. დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს, თუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მანამდე ბოიკოტი არ გამოუცხადა არჩევნებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები