დავით ქართველიშვილი – ბაჩო ახალაიას საქმეზე: საბოლოოდ, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ, ერთმანეთის “პრევენტიულ” და “პოსლეზე” ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
პარტია „ხალხი ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც თენგო გოგოტიშვილთან ინტერვიუს დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავდა თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, სახელმწიფოს გადატრიალებას? პასუხობს, „ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ”.
„ამ კონკრეტული გოგოტიშვილის და ახალაიას წინაპრები, ჯერ კიდევ მათი შთამომავლობის გენმოდიფიცირების ჟამამდე, უეჭველი ფლობდნენ ჩვენი კლასიკოსის სიბრძნეს -“ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. ამხელა ძალისხმევა რომ გაქვს დახარჯული რუსთაველის გამზირის გადაკეტვებზე, დიადი შოთას ეს მარადიული შთაგონება როგორ არ უნდა გაგხსენებოდა…
მე კი მეორე ქართული კლასიკაც მახსენდება, ამჯერად კინემატოგრაფიული. წმინდა პოზიტიური მოტივაციით და კეთილი განზრახვით, დაცვის მხრიდან მოწმე რუბენ ხაჩიკიანი, თავისი ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირს რომ უთხრის ძმაკაცის, ბრალდებული მიზანდარის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ოღონდ ამ კონკრეტულ მოკლე დიალოგში, რომელია “ხაჩიკიანი” და რომელია “მიზანდარი”, ამის გარჩევა გამიძნელდება…
სუფთა “პრევენტიულად” ინტერესდება გოგოტიშვილი, იმ ძალებზე და საშუალებებზე დაყრდნობით (ალბათ, შემოტანილი შეიარაღებაც იგულისხმება), ბოლოს და ბოლოს აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს “ჩაუშვებს”, ახალაია აქაც “პრევენტიულად” იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ და “ჩემგან რა გინდათ” პონტში: მე რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ახლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო…
საბოლოოდ, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ, ერთმანეთის “პრევენტიულ” და “პოსლეზე” ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები. აქ ახალაიას როლი და ადგილი ამ ყველაფერში მეტ-ნაკლებად გასაგებია. მაგრამ! ხვალ გაუკუღმართებული მოტივაციის მქონე რომელიმე დასავლურმა ორგანიზაციამ მორიგი ჟურნალისტური “ოსკარი” გოგოტიშვილსთვისაც თუ მოამზადა, დაჯილდოების დარბაზში ამ ვიდეოს გაშვებას ვურჩევ ქართული “ჟჟჟურნალისტიკის” თვალსაჩინოების მიზნით…”, – წერს დავით ქართველიშვილი.