ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული სასტუმროს ოთახის გასაღებს ადმინისტრატორს არ უტოვებდა

სასტუმრო „GGS”-ს მეპატრონე ადასტურებს ფაქტს, რომ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთილ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ოლეკსანდრ დამეტოვმა მის სასტუმროში ნომერი დაიქირავა.
როგორც „კვირას“ გიორგი საბიაშვილმა განუცხადა, ოლეკსანდრ დამეტოვმა სასტუმროში ნომერი 2015 წლის იანვარში 3 დღით იქირავა. საბიაშვილის ინფორმაციით, დამეტოვმა სასტუმროში სამი ღამე, მეორე სართულზე განთავსებულ N3 ოთახში გაატარა. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქე ნომერში მარტო იმყოფებოდა და მისთვის რაიმე საეჭვო არაფერი შეუმჩნევია.
როგორც „კვირას“ გიორგი საბიაშვილმა განუცხადა, ის და სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელი პროკურატურის გამომძიებლებმა დაჰკითხეს. Capture
სასტუმრო „GGS” ვარკეთილის დასახლებაში უკვე ოთხი წელია ფუნქციონირებს. როგორც „კვირას“ გიორგი საბიაშვილის ბიზნესპარტნიორმა თამარ მახნიაშვილმა განუცხადა, უკრაინის მოქალაქემ ოლეკსანდრ დამეტოვმა სასტუმროს ადმინისტრატორთან ღამის გასათევად ყველაზე იაფფასიანი ნომერი მოითხოვა.
„სასტუმროში ჩვენს კლიენტებს თავდაპირველად ადმინისტრატორი ემსახურება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უკრაინის მოქალაქე სასტუმროში 2015 წლის იანვარში მოვიდა და ყველაზე იაფფასიანი ნომერი მოითხოვა. მან სასტუმროში სამი ღამე გაატარა და სულ 150 ლარი გადაიხადა. დილით ადრე გადიოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდა. ჩუმად დადიოდა. ჩვენს სასტუმროში არც კი იკვებებოდა. თავზე კეპი ჰქონდა ჩამოფხატული და ნომერში მარტო იყო. ფაქტობრივად, ნომერი ღამის გასათევად დაიქირავა. სხვათა შორის, გასაღებს არც დამლაგებელთან და არც ადმინისტრატორთან ტოვებდა. ამის გამო, სასტუმროს დამლაგებელი მის ოთახს ვერ ალაგებდა. გამომძიებლებმა სასტუმროს თანამშრომლები დაჰკითხეს. პროკურატურის და უშიშროების თანამშრომლები ჩვენთან აპრილის თვეში იყვნენ. სასტუმროს თანამშრომლებისთვის იმდენად შეუმჩნეველი იყო ეს სტუმარი, რომ არც კი ახსოვდათ. ჩვენ სტუმრებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ვღებულობთ, უკრაინის მოქალაქე აღარც კი ახსოვდათ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას თამარ მახნიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 28 მარტს მომხდარი ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობა გახსნა. მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
ჩადენილი დანაშაულისათვის ოლეკსანდრ დამეტოვსა და ოლეგ დოევს ბრალდება წარედგინათ ჯერ კიდევ 2015 წლის 26 აპრილს, კერძოდ: ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო ოლეგ დოევს წარედგინა ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. იმავე დღეს, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადდა შიდა ძებნა, ხოლო 2015 წლის 28 აპრილს – საერთაშორისო ძებნა.
2016 წლის 12 იანვარის დადგენილებით, ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები